დეტალური ინფორმაცია
ნინოშვილის ქ.#8 - ინდუსტრიული შენობების გაჩენა მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში, მისი ეკონომიკისა და ტექნოლოგიების განვითარების მაჩვენებელი, რამაც დიდი გავლენა იქონია ზოგადად XX საუკუნის არქიტექტურაზე. თბილისისთვისაც, ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სამრეწველო ნაგებობების მშენებლობას; მასთან ერთად ქალაქის არქიტექტურულ ნარატივში შემოდის ინდუსტრიული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ნიშნები: ფორმათა გეომეტრიზმი და ფუნქციონალურობა, არქიტექტურულ სიბრტყეთა სისადავე და მსხვილი მასშტაბი. ყოფილი სამკერვალო ფაბრიკა XX საუკუნის პირველი ნახევრის ინდუსტრიული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია თბილისში. ე. ნინოშვილისა და კ. აბაშიძის ქუჩათა კუთხეზე მდგარი შენობის მასიური, მონოლითური, კუბური მოცულობა, რომელსაც თითქმის მთელი კვარტალი უჭირავს, პირველი შეხედვისთანავე აღიქმება. შენობის ხაზგასმით მარტივ, გეომეტრიულ ფორმებსა და მკაფიო გეგმარებას კარგად ესატყვისება ფასადთა სისადავე. სარკმლის ღიობთა ხშირი რიტმით დანაწევრებული, ქუჩის წითელი ხაზის გასწვრივ წაგრძელებული მთავარი ფასადის ერთადერთ დეკორატიულ აქცენტს ქმნის შესასვლელის თავზე განთავსებული მონუმენტური რელიეფი. ქართული კულტურის ზოგად მოტივებზე შექმნილი სიმბოლური ხასიათის რელიეფი შენობის გვიანდელ, 1980-იანი წლების დანამატს წარმოადგენს - რასაც XX საუკუნის დასაწყისის ინდუსტრიული ნაგებობის მხატვრულ-არქიტექტურულ სახეში გვიან საბჭოთა ესთეტიკა შემოაქვს.
ფუნქციადაკარგული, ყოფილი საწარმოო ნაგებობა რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის შედეგად, დიდი მართკუთხა შიდა ეზოს გარშემო თავმოყრილ მულტიფუნქციურ სივრცედ გადაიქცა, სადაც კაფე-ბარები, სახელოსნო-მაღაზიები, ჰოსტელი, სახელოვნებო და საერთო სამუშაო სივრცეები სოციალიზაციის, ახალი ურთიერთობებისა და კოლაბორაციების შთამაგონებელ, გამორჩეულად მიმზიდველ ატმოსფეროს ქმნის.