დეტალური ინფორმაცია
ცაბაძის ქ. # 6-ში მდებარე კავკასიის სააბრეშუმო სადგური, ცნობილი ბუნებისმეტყველის, მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრის, ნიკოლაი შავროვის თაოსნობით 1887 წელს დაარსდა. ამჟამინდელი შენობა თავიდანვე იყო გათვლილი, როგორც კავკასიის მეაბრეშუმეობის კომპლექსის მთავარი სადგური, რომელშიც განთავსდებოდა აბრეშუმის მუზეუმი, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები და სხვა. შენობის არქიტექტორი, წარმოშობით პოლონელი ალექსანდრე შიმკევიჩია, რომელიც სტილისტური თვალსაზრისით ეკლექტურ, რუსული კლასიციზმისა და ისლამური, რენესანსული არქიტექტურის ელემენტთა კომბინაციით აგებს შენობას, რომლის სამშენებლო მასალად წითელი აგურია გამოყენებული. აგურითვეა შესრულებული კარნიზებისა და ფასადთა რელიეფური, მარტივი ორნამენტები. შელესილია დეკორატიული პილასტრები, რომლებიც თავდაპირველად გეომეტრიული ორნამენტებით იყო მორთული. ინტერიერის დეკორი, რომელშიც აბრეშუმის ჭიის, პეპლის, თუთის ფოთლების დეკორატიული მოტივებია გამოყენებული, პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ შენობა XIX საუკუნეში საგანგებოდ აბრეშუმის მუზეუმისთვისაა აგებული, რაც მას სრულებით უნიკალურს ხდის.
საგულისხმოა, შიმკევიჩის პროექტის მიხედვით დამზადებული მუზეუმის მთელი ექსპოზიციისა და ბიბლიოთეკის პირვანდელი სახით შემორჩენილი ავეჯი.
კავკასიის მეაბრეშუმეობის კომპლექსი ასევე მოიცავდა მის წინ მდებარე შენობასაც, რომელიც ამჟამად ბაღისა და ქუჩის კუთხეზეა განთავსებული.