ამბობენ
ეს ულამაზესი შენობა, რომელსაც „იტალიური ვილა“ შეარქვეს, 1917 წელს ბიზნესმენ ძმების — მილოვების — დაკვეთით აშენდა. პროექტის ავტორი თბილისში მცხოვრები ცნობილი რუსი არქიტექტორი, გაბრიელ ტერ-მიქელოვია.
კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, მილოვებს სახლი ჩამოართვეს და პარტიულ ელიტას გადასცეს. აქ ცხოვრობდნენ კომუნისტური პარტიის ლიდერები: ფილიპე მახარაძე და მამია ორახელაშვილი. მოგვიანებით აქვე ცხოვრობდა ორახელაშვილის სიძე — ცნობილი დირიჟორი ევგენი მიქელაძე, რომელიც 1937 წელს ოპერაში, რეპეტიციაზე წასული, თეატრშივე დააკავეს. იგი „ხალხის მტრად“ გამოაცხადეს და დახვრიტეს. დახვრიტეს მისი სიმამრიც — პირველი თაობის ბოლშევიკი, რომელსაც კონტრრევოლუციურ საქმიანობაში დასდეს ბრალი.
როგორც ამბობენ, იმ დროინდელ მაღალჩინოსანს, ლავრენტი ბერიას, ახალგაზრდობაში ორახელაშვილის ქალიშვილი შეჰყვარებია. ქეთევანს მისთვის უარი უთქვამს და ცოლად დირიჟორ ევგენი მიქელაძეს გაჰყოლია. იმასაც ამბობენ, ბერიამ ამის გამო ოჯახზე შური იძიაო. თავად ქეთევანი პატარა შვილებთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ქეთევანმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ლანა ღოღობერიძის გახმაურებულ ფილმში — „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“.
დეტალური ინფორმაცია
ქიქოძის ქუჩა N 11-ში მდებარე შენობის ისტორია ნათლად ასახავს XX ს-ის 30-იან წლებში საქართველოში დატრიალებული ბოლშევიკური ტერორის ისტორიას. შენობის თავდაპირველი მეპატრონეები ძმები მაილოვები იყვნენ. ილია მაილოვი, პირველი გილდიის ვაჭარი, მეცენატი გახლდათ, მისი ძმა დანიელი, ბუღალტრული აღრიცხვისა და სესხების სავაჭრო-სამრეწველო კომიტეტის წევრი. მათი მამა კავკასიაში ცნობილი ვაჭარი ღაზარ მაილოვი ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული. მან დააფუძნა კომპანია „ლაზარ მაილოვი და შვილები". ნაგებობის მშენებლობისთვის ძმებმა არქიტექტორი ა. ტერ-მიქელოვი მოიწვიეს, რომელმაც 1914 წელს მაილოვებს პომპეზური ვილა აუშენა.
შეძლებული სომეხი ვაჭრის მიერ აშენებული სახლი იმთავითვე კომუნისტური პარტიის ელიტის ყურადღების ქვეშ მოექცა. თავდაპირველად აქ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მამია ორახელაშვილი შესახლდა, თუმცა მისთვის ამ სახლში ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. 1937 წელს ის, მისი მეუღლე მარიამი, ქალიშვილი ქეთევანი და სიძე, ცნობილი ქართველი დირიჟორი, ევგენი მიქელაძე დააპატიმრეს და საშინელი წამების შემდგომ დახვრიტეს. გადასახლებიდან მხოლოდ ქეთევან ორახელაშვილი დაბრუნდა. ამავე ბინაში შეასახლეს ახალი პარტიული ლიდერი ფილიპე მახარაძე. სამწუხაროდ, დღეს ეს სახლი მისი სახელით უფრო არის ცნობილი. შენობის ფასადზე ერთმანეთის გვერდით მიმაგრებული მემორიალური დაფები, მსხვერპლისა და ჯალათის ტრაგიკული ისტორიის შესახებ მრავლისმეტყველია.