დეტალური ინფორმაცია
სატესტო :
ორსართულიანი აგურის, შელესილი შენობა, ხუროთმოძღვრული ელემენტებით მწირედ არის გაფორმებული. მისი ფასადი, სობჩაკის ქუჩისკენ, დაზიანებული იყო და მოხდა შენობის რესტავრაცია . სახლს დამატებითი, გვიანი მიშენებები ებჯინება, რომელთა კედლებიც, ფაქტურულად ძირითადი ნაგებობისაგან გამოირჩევა. ფხოვის ქუჩისაკენ განლაგებული მინაშენი ძველი მასალით არის აგებული და მისი კედლები შეულესავია. საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია. შუა ღერძიდან მარცხნივ აივანია შეკიდული, რომელზეც ერთი ღიობი გადის. მის ქვეშ უბრალო ხის, ფანჯრებიანი კარია დატანილი. ორივე სართულის ღიობს, აქეთ-იქიდან, ვიწრო სარკმლები ერთვის. პირველი სართულის ფასადი მთლიანად რუსტირებულია. მის მარჯვენა ნაწილში, ერთმანეთს თანაბრად დაშორებული სარკმლების რიგებია, რომლებსაც ქვემოდან თითო-თითო რუსტი ამკობს. საპირისპირო მხარეს განლაგებულ ფანჯრებს რუსტები არ ამკობს. აღნიშნულ მხარეს სართულების გამმიჯნავი კარნიზიც წყდება. მეორე სართულის სარკმლებს სადა საპირეები შემოწერს და საჭექი ქვები ამკობს. მათთან შედარებით, პირველი სართულის ფანჯრები მომცრო ზომისაა და რუსტებს შორის მოთავსებული მოზრდილი საჭექი ქვები ერთვის. მეორე სართულის მასიური სიბრტყე პირველ სართულს თითქოს აწვება, რის შთაბეჭდილებასაც მეტ-ნაკლებად დაუნაწევრებელი კედლის სეგმენტები ქმნის. აღსანიშნავია ეზო, რომელსაც მართკუთხა გეგმარების სახლი ერთი მხრიდან მიუყვება. მისკენ მიმართულ ფასადს ხის აივნები წარმოადგენს. აღწერილი საცხოვრებელი სახლი სადაა, მაღალი მეორე სართული კი მისთვის დამახასიათებელ იერსახესა და ხასიათს განსაზღვრავს. ნაგებობა ქუჩათა კუთხეს შემოწერს, ამასთან ერთად, ფხოვის ქუჩის სილუეტსა და მასშტაბს განსაზღვრავს.