ამბობენ
ბელგიური კინოფირმა „ფილმეს“ მხარდაჭერით
პირველი ქართული კინოსტუდია სწორედ ამ შენობაში დაარსდა . აქ შეიქმნა ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა „სურამის ციხე“, „წითელი ეშმაკუნები“, „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“, „ვინ არის დამნაშავე?“, და ასევე პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი.
სტუდიის ეზო არაერთხელ გამხდარა გადასაღებ მოედნად. მრავალი ეპიზოდი ცნობილი ქართული ფილმებიდან სინამდვილეში სწორედ აქ არის გადაღებული.
შენობის სარდაფში მოწყობილია მრავალფუნქციური სათავსოები — ბომბსაფარი, ბუტაფორიული სახელოსნოები და გვირაბის ტიპის დერეფნები, რომლებიც კინოპავილიონს სხვა შენობებთან აკავშირებდა.
დღემდე შენობა ინარჩუნებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს და წარმოადგენს ქართული კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმბოლოს.
დეტალური ინფორმაცია
საარქივო მასალების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც ნაგებობა დგას, გერმანელი ლუიზა მადერის საკუთრება იყო. მადერები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალსაჩინო გერმანული გვარია. მათი წინაპრები აქ პირველ კოლონისტებთან ერთად ჩამოვიდნენ. ფრიდრიხ და ხრისტიან მადერები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომელთაც 1824 წელს ქალაქის პოლიციაში შეიტანეს თხოვნა გასაქირავებელი ეკიპაჟების შენახვაზე. 1850-60-იან წლებში ფრიდრიხ, იოჰან და ფრიც მადერები იყვნენ კარეტებისა და ეკიპაჟების ოსტატები და მთავარი მიმწოდებლები თბილისში. 1850 წლიდან მადერები ასევე აწარმოებდნენ ლუდს, რომელიც წარმატებით იყიდებოდა მთელ კავკასიაში. 1900-იან წლებში ლუდის ქარხნის მფლობელი ლუიზა მადერი გახდა, ამავე პერიოდში მან გახსნა სასტუმრო „მადერი“, რომელსაც XIX-XX საუკუნეების თბილისში მაღალი რეპუტაცია ჰქონდა. ამდენად, როგოც ჩანს, მადერები იმ დროს ქალაქში მნიშვნელოვან სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ.
ლუიზა მადერი აწარმოებდა ლუდს, მისი სარეკლამო აბრებიც იმდროინდელ პერიოდიკაშია დაბეჭდილი. ის იყო პირველი კომერსანტი, რომელმაც თბილისში ლუდის გაყიდვა დაიწყო. თავდაპირველად მისი მუშტრები მხოლოდ გერმანელი კოლონისტები იყვნენ, მაგრამ შემდეგ შავი და ნაკლებად ხარისხიანი სასმელით სავსე ტოლჩების დაგემოვნება დანარჩენმა თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმაც დაიწყეს. მადერები ლუდს კუსტარულად ასხამდნენ. საქართველოში პირველი ლუდის ქარხანა შეძლებულმა გერმანელმა კაპიტალისტმა და თბილისში მდიდრული სასტუმროს მფლობელმა ფრიდრიხ ვეტცელმა გახსნა.
ცხადია რომ ლუიზა მადერი, იმდროისთთვის გერმანელების კოლოინიაში რამდენიმე მიწის ნაკვეთისა და შენობის მფლობელი იყო. მათ შორის უშუალოდ ჩვენთვის საინტერესო ნაგებობაც მის საკუთრებას წარმოადგენდა.
საარქივო ფოტოზე ჩანს, რომ ფასადი, საკმაოდ მდიდრულად იყო გაფორმებული, და შენობაც, მიმდებარედ არსებული ნაგებობის მსგავსად, ძლიერი მხატვრულ-არქიტექტურული გამომსახველობით გამოირჩეოდა. 1930-იან წლებში „სახკინმრეწვის“ მშენებლობის დროს, როგორც ჩანს, შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. მისი ფასადი მოიხსნა და სრულიად შეიცვალა. თუმცა, ისტორიული მეხსიერება სრულად დარჩა მის ინტერიერში, რომელიც მდიდრულ სასახლეს გვაგონებს.
სრულიად უსახური ექსტერიერის შემდეგ, მოულოდნელი და რადიკალურად განსხვავებულია ინტერიერი, შენობაში შესვლა მდიდრულად მოჩუქურთმებული, ფსევდო-ბაროკალური კომპოზიციით გადაწყვეტილი ხის კარით არის შესაძლებელი. სადარბაზო-ვესტიბიული ვრცელ ჰოლსა და უხვად განათებულ კიბის უჯრედს მოიცავს. უშურველი მხატვრულ-დეკორატიული გაფორმება ინტერიერის ყველა ელემენტს აერთიანებს: პროფილირებული კარნიზით გაფორმებულ ჭერს, კორინთული ორდერითა და თაღებით დანაწევრებულ კედლის ზედა ნაწილებს, მარმარილოთი მოპირკეთებულ მოზაიკურ იატაკსა და კიბეებს. სადარბაზოს დამატებით ღირებულებას სძენს ანტიკური სარკე კიბის მარშების გამაერთიანებელ მოედანზე, დახვეწილი დიზაინის მქონე, კიბის ლითონის მოაჯირი და კედლის ნიშებში მოთავსებული ვენერასა და ჰერმესის ანტიკური ქანდაკებების ასლები.
ვესტიბიულის ნაძერწი პლასტიკა _ კორინტული პილასტრების ბაზისები და კაპიტელები, კარების თავზე განთავსებული საჭექი ქვები, კარნიზის პროფილირება, პირველი სართულის კედლებზე მოწნული ორნამენტით გამოყვანილი ჩარჩოები _ ოქროთია მოვარაყებული (მოითხოვს გაწმენდას). სადარაბზო ჰოლის უხვ განათებას უზრუნველყოფს მეორე სართულის დონეზე, სამხრეთ კედელში გაჭრილი უზარმაზარი ორდგარიანი, თაღოვანი მოყვანილობის სარკმელი. კიბის უჯრედის ქვეშ, უკანა ეზოში გამავალი ფართო კარია მოთავსებული, რომელიც სადარბაზოსთან მოკლე მარმარილოს კიბით არის დაკავშირებული. შენობის ინტერიერის ოთახებში დაცულია ავთენტური მოჭიქული ფილებით მოპირკეთებული ბუხრები. შემორჩენილია ასევე თავდაპირველი შიდა ეზოს სტრუქტურაც, შუშაბადები დეკორატიული ელემენტების სახით.
შენობა უდიდესი ისტორიული მეხსიერების მატარებელია, უდაოა, რომ მას ცნობილი არქიტექტორი ჰყავდა, რომლის იდენტიფიცირებაც დამატებით კვლევას მოითხოვს.