გიორგი ლეონიძის ქუჩა

ამბობენ

მე-19 საუკუნის თბილისში ლეგენდებს ჰყვებოდნენ გერმანელ აფთიაქარ ფერდინანდ ოტენზე, რომელსაც თავისი წამლებით თითქმის ყველა დაავადების განკურნება შეეძლო . ამიტომაც მის აფთიაქთან მუდამ უზარმაზარი რიგები იდგა.

ის ოჯახთან ერთად ამ სამსართულიან სახლში ცხოვრობდა. აფთიაქი პირველ სართულზე ჰქონდა გახსნილი. ოტენი თბილისში 1878 წელს შემთხვევით ჩამოვიდა. აქ, გერმანულ სათვისტომოში  გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე , მალევე დაქორწინდა და სიცოცხლის ბოლომდე თბილისში  დარჩა

რევოლუციის შემდეგ ოჯახს  სახლი ჩამოართვეს და კომუნალურ ბინად გადააკეთეს. ოტენს, თავის მრავალრიცხოვან ოჯახთან, ცოლთან და 12 შვილთან ერთად, ამავე სახლში  ყოფილი მოახლის ოთახი გამოუყვეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

 

დეტალური ინფორმაცია

ლეონიძის ქ. #8-ში მდებარე აფთიაქარ ფერდინანდ ოტენის სახლის თავდაპირველი პროექტი ქალაქის თითმმართველობის უბნის არქიტექტორმა პ. ზურაბიანმა 1901 წლის 1 მაისს დაამტკიცა. ოტენის სახელს უკავშირდება XIX საუკუნის ბოლოს თბილისში, ავჭალიდან სასმელი წყლის გამოყვანა. ოტენი  სასმელი წყლის ანალიზებს ატარებდა - მისი დასკვნების საფუძველზე გადაწყდა აღნიშნული წყალსადენის აშენება. სოლოლაკის უბანში   ოტენის საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობაა. მის ფასადს, შიდა ეზოს და სადარბაზოს  ავთენტური სახე აქვს შენარჩუნებული,  შენობის მთლიან სივრცულ-მოცულობით სტრუქტურას ცვლილებები არ შეხებია. სახლის ეზოში გადარჩენილი ძველი გალავანი  და წყარო,  XX საუკუნის დასაწყისის ნაგებობათა არქიტექტურული დეტალების შესახებ დამატებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას  გვაწვდის.