მწერალთა სახლი

ამბობენ

მწერალთა სახლისსახელით ცნობილი ეს უნიკალური შენობა ცნობილმა მეცენატმა და საქართველოში კონიაკის წარმოების დამაარსებელმა დავით სარაჯიშვილმა 1905 წელს ააგო. მშენებლობის დასრულება მან თავისი ქორწინების 25 წლის იუბილეს , ვერცხლის ქორწილს, დაამთხვია და გახსნის დღეს დიდი ნადიმიც გადაიხადა.

დაქორწინებამდე დავითმა განათლება უცხოეთში მიიღო. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა, იქ დაგროვილი გამოცდილებით თბილისში კონიაკის ქარხანა დააარსა. მიუხედავად იმისა, რომ სარაჯიშვილის კონიაკი ხარისხით გამორჩეული იყო, საქართველოში მაშინ ჯერ კიდევ ფრანგულ კონიაკს ანიჭებდნენ უპირატესობას.

ამასთან დაკავშირებით ჩვენამდე ერთმა უცნაურმა ამბავმა მოაღწია: შეზარხოშებული კინტოები საღამოობით თბილისის რესტორნებსა და დუქნებში შედიოდნენ და დაჟინებით ითხოვდნენ სარაჯიშვილის კონიაკს. თუ სასმელი ადგილზე არ ჰქონდათ, კინტოები დებოშს აწყობდნენ და ყველაფერს ამტვრევდნენ, ოღონდ  მეორე დღეს მიყენებულ ზარალს სრულად ანაზღაურებდნენ. რესტორნების  შეშინებული მეპატრონეები კი სასწრაფოდ  ყიდულობდნენ სარაჯიშვილის კონიაკს.

ამბობენ, რომ ამ ამბის უკან თავად სარაჯიშვილი იდგა და  დაქირავებულ  კინტოებს კარგადაც უხდიდაო. ამის შემდეგ სარაჯიშვილის კონიაკმა მალევე დაიპყრო ჯერ ქართული, შემდეგ კი უცხოური ბაზარი.

სარაჯიშვილების ეს  სახლი  იმდროინდელი  ინტელიგენციის ერთ-ერთ საყვარელი ადგილი ყოფილა. აქ ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები და გამოფენები. მწერლები თავიანთ ახალ ნაწარმოებებს პირველად სწორედ ამ სახლში კითხულობდნენ, რის შემდეგაც ეწყობოდა დისკუსიები და ქართული ნადიმები, რომელებზეც შემდეგ, თვეების განმავლობაში მთელი თბილისი ლაპარაკობდა.

სასახლის ხშირი სტუმრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია და სხვა გამოჩენილი პიროვნებები. მცირე ხნით აქ ცხოვრობდნენ აკაკი წერეთელი და ივანე მაჩაბელიც.

დავით სარაჯიშვილის დიდი სურვილი იყო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი მწერლებისთვის გადაეცათ. ასეც მოხდასახლი თავისი ავეჯით პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოტე მაყაშვილსა და სხვა მწერლებს ერგოთ.

მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან ეს სახლი დრამატული მოვლენების ეპიცენტრად იქცა. რეპრესიებს პირველი პაოლო იაშვილი შეეწირა. მას "ხალხის მტრებთან" ურთიერთობაში ადანაშაულებდნენ, ხოლო ბრალმდებლად მისი ძველი მეგობრები და თანამოაზრენი იქცნენ. პოეტმა ამდენ ცილისწამებას ვეღარ გაუძლო და დაპატიმრებამდე სწორედმწერალთა სახლშიმოიკლა თავი.

დღეს მწერალთა კავშირში კვლავ იმართება ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები და გამოფენები.

 

 

დეტალური ინფორმაცია

შენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული,    ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა    დავით სარაჯიშვილმა (1848-1911) 1903-1905 წლებში ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აგებული, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი, ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი  იყო.

სახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია.

სახლი მოდერნის სტილის არქიტექტურის ნიმუშია. ფასადის მოპირკეთების დროს უხვადაა გამოყენებული ტალღოვანი ფრონტენები, ნაძერწი ნიჟარები, მცენარეული ორნამენტები. არქიტექტურის მკვლევართა აზრით,    სარაჯიშვილის სახლი თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითია.
სახლის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ფირმის    “ვილეროი და ბოხის” კერამიკული ფილებით. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები დიდი იშვიათობაა და მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა. 
დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის გარდაცვალების შემდეგ სახლის მესაკუთრე ცნობილი მრეწველი და მეცენატი აკაკი ხოშტარია(1873-1932)  გახდა. ზეპირი გადმოცემის მიხედვით, ფინანსური პრობლემების გამო აუქციონზე გასაყიდად გატანილი სახლი მან ქართული საზოგადოების თხოვნით შეიძინა. აკაკი ხოშტარიამ, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა დავით სარაჯიშვილის სახლი, იტალიიდან ჩამოტანილი ლომის ქანდაკებებითა და ანტიკური ნივთებით მორთო იგი. მანვე მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღები.


1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აკაკი ხოშტარია იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ემიგრაციაში წასულიყო. იმავე წლის 28 თებერვალს, ანუ გასაბჭოებიდან მესამე დღეს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლად ცნობილი შენობა, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.
  1923 წელს ხელოვანთა კავშირს მწერალთა კავშირი ცალკე ორგანოდ გამოეყო და 2007 წლამდე ეს სახლი მწერალთა კავშირს ეკუთვნოდა. 
2008 წლიდან  შენობაში სსიპ-ი „მწერალთა სახლია“ განთავსებული.

მწერალთა სახლში ასევე ფუნქციონირებს ორი მუზეუმი, დავით სარაჯიშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების მუზეუმი.
დავით სარაჯიშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმი 2020 წლის 10 ნოემბერს გაიხსნა. მუზეუმი სახლის მეორე სართულზეა განთავსებული და მასში დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ნივთებია თავმოყრილი - ლიმოჟის ფაბრიკაში სპეციალურად ამ სახლისთვის დამზადებული სადილის სერვიზი დავითის მონოგრამით; მარსელის გამჭირვალე, იასამნისფერი კრამიტი, რომლითაც სახლის ერთი ფლიგელი იყო გადახურული; სამგზავრო ჩემოდანი, სეიფი, ჭურჭელი, სუვენირები და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები.    მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებელობა ექნება გაეცნოს დავითისა და ეკატერინეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო დეტალებს, კედლებზე დატანილი მათი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტებით.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმი:

მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი 2023 წლის მარტში  გაიხსნა.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმი სისტემის მსხვერპლთა გახსენებას და მათი ხსოვნის პატივისცემას ისახავს მიზნად. მუზეუმში დამთვალიერებელი გაეცნობა ტოტალიტარული სახელმწიფოსა და მწერლების ტრაგიკული დაპირისპირების ამბებს, იმ მექანიზმებს, რომლებსაც სისტემა „მწერლობის მოსათვინიერებლად“ იყენებდა.
მუზეუმის ექსპოზიცია შესაძლებლობას გვაძლევს, დავინახოთ ტოტალიტარიზმის ხანაში მცხოვრები ხელოვანების დილემა და ტრაგედია, სუსტი ზღვარი კომპრომისსა და თანამშრომლობას შორის.
მუზეუმი   მოგვითხრობს   მწერლების   ისტორიას,   რომლებიც   დიდი   ზეწოლისა და  რეპრესიების მიუხედავად,   არასოდეს   წყვეტდნენ   საქართველოს   დამოუკიდებლობაზე   ფიქრს,   რისი მაგალითებიც საბჭოთა ისტორიაში უხვად მოიპოვება.
მუზეუმის   კონცეფცია   აერთიანებს   მუდმივმოქმედ   და   დროებით   საგამოფენო   სივრცეებს,   რომლებიც   ეძღვნება   სხვადასხვა   მწერლებსა   თუ   მოვლენებს.
მუდმივმოქმედ   გამოფენაში   წარმოდგენილია   საქართველოში   მწერალთა   რეპრესიების   ქრონოლოგიური ისტორია.   ექსპოზიციის   დიზაინი,   საარქივო   და   თანამედროვე   აუდიო-ვიზუალური   ნამუშევრები   დამთვალიერებლებს   საშუალებას აძლევს,   შეისწავლონ   განხორციელებული რეპრესიების   ისტორია   და შექმნან უკეთესი მომავალი მყარი სამოქალაქო პოზიცით.

ფოტო © დიმიტრი ერმაკოვი (1905), მწერალთა სახლი

ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობები