დეტალური ინფორმაცია
ჭანტურიას ქ #8-ში მდებარე XIX საუკუნის 50-იან წლებში აგებული შენობა კავკასიის მთავარმართებლის, დაღესტნური ომების ტრიუმფატორის - ალექსანდრ ბარიატინსკის სასახლეს წარმოადგენდა. შენობა მნიშვნელოვანია, როგორც ქ. თბილისის ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი უადრესი ნიმუში. 1938 წლიდან აქ გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი განთავსდა.
თავისი დროისთვის საკმაოდ მასშტაბური ნაგებობა ნეოკლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი, იგი მწყობრი პროპორციებითა და თავშეკავებული დეკორატიული გაფორმებით გამოირჩევა. ნაგებობის საფასადო კომპოზიცია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების კლასიკურ კვეთაზეა დაფუძნებული. შენობის ცენტრალური ფასადი დღევანდელ გ. ჭანტურიას ქუჩაზე გამოდის და 9 აპრილის ბაღის განაშენიანებას გადაჰყურებს. შენობა დაქანებულ რელიეფზე დგას, რის გამოც მისი სარდაფის სართული საგრძნობლად მატულობს სიმაღლეში. მაღალ ცოკოლზე, იგივე სარდაფის სართულზე შესმული შენობა ამჟამად ორსართულიან მოცულობას ქმნის, თუმცა ძველი ფოტოებიდან ირკვევა, რომ შენობის ცენტრალური მონაკვეთი, განსხვავებით კიდურა ფრთებისაგან, ერთსართულიანი იყო და შენობის საფასადო კომპოზიციაც რიკულებიანი პარაპეტით დაგვირგვინებული მაღალი, განაპირა ფრთებით იქცევდა ყურადღებას. ამდენად, სიმეტრიის ღერძზე სართულის დამატება მოგვიანო ხანაში განხორციელდა.
აღსანიშნავია შენობის ცენტრალური შესასვლელი, აღმოსავლეთ ფასადის სიმეტრიის ღერძზე დატანილი აივან-პორტიკი, რომელიც ვიტრაჟებით შემკული სამი სწორკუთხა კარით გამოდის ქუჩაზე. აივანი ტროტუარაზე წინწამოწეულ სარდაფის სართულზეა შესმული, რომელიც მოგვიანებით მის სამხრეთ მხარეს ღია კიბითა და პანდუსით გაიხსნა და ამჟამად აივანზე ასვლა ქუჩის მხრიდანაც არის შესაძლებელი. ყურადღებას იქცევს აივნის რკინის ჭვირული კიბე და რკინისავე სვეტები, რომელსაც კრონშტეინებზე შესმული არქიტრავული გადახურვა ეყრდნობა. თუმცა შენობის მთავარ შესასვლელს სამხრეთ ფრთაში დატანილი სადარბაზოს კარი წარმოადგენს, სწორედ ის აკავშირებს დერეფნის საშუალებით შიდა ეზოს ქუჩის ხაზთან. ხის მოჩუქურთმებული და რკინის ცხაურიანი მაღალი კარი, ტრადიციულად, ფრამუგის საშუალებით ანათებს ვესტიბიულს, რომელიც მარმარილოთი მოპირკეთებული იატაკითა და კიბეებით არის გაფორმებული. სადარბაზო შესასვლელს კომპოზიციურად აწონასწორებს ფასადის მარჯვენა ფრთაზე, სარდაფის სართულში დატანილი მესამე კარი (ასევე ხის მოჩუქურთმებული ფრთებითა და რკინის ცხაურიანი მინებით).
ფასადთა აუთენტურობა უმეტესად დაცულია თუ არ ჩავთვლით გამოცვლილ ალათებს, შესასვლელ კარებსა და, მუზეუმის ფუნქციიდან გამომდინარე, დიდი რაოდენობით ამოშენებულ ღიობებს. მთლიანობაში, შენობა ინარჩუნებს აუთენტურობის ძირითად ხაზს, რაც ქუჩის ისტორიულ-მხატვრული მთლიანობისათვისაც მნიშვნელოვანია.
გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმში წარმოდეგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, მათ შორის, ხელნაწერები (XII ს. ათონური ოთხთავი, XVII-XIX სს. ფილოსოფიურ-რელიგიური თხუზულებები), ცნობილ ქართველ და უცხოელ მწერალთა და მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და სხვ. გიორგი ლეონიძის ხელმძღვანელობის დროსაა შეგროვებული მუზეუმის ექსპონატთა უმრავლესობა, რის გამოც მუზეუმს 1967 წელს მისი სახელი ეწოდა (მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ).