დეტალური ინფორმაცია
ზუბალაშვილების ქ. N 32-ში მდებარე თბილისის ყოფილი სასამართლო პალატა, საოლქო სასამართლოს, დღევანდელი უზენაესი სასამართლოს შენობა 1894 წელს პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტის მიხედვით აიგო. თბილისში შიმკევიჩის მიერ არაერთი შენობა აშენდა, რომელთა ფასადები ძირითადად რენესანსულ-ბაროკოს სტილისტიკითაა გადაწყვეტილი და თბილისის ურბანული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
მოცემული ნაგებობაც თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. თავისი სადა, მონუმენტური იერით იგი მკვეთრად გამოიყოფა ქუჩის და ზოგადად მთაწმინდის კალთის საერთო განაშენიანებაში. იმ დროისათვის გამორჩეულად მასშტაბური და საკმაოდ იმპოზანტური იერის მქონე შენობის ხუროთმოძღვრული დამუშავება იტალიურ გვიან რენესანსსა და ბაროკოს სტილის იტალიური (უმეტესად რომაული) პალაცოების ფასადთა მოტივებს ემყარება: კედლის რუსტირებული სიბრტყე, ხშირი რიტმით განთავსებული სარკმლის ღიობთა დამასრულებელი სამკუთხა და რკალური ფრონტონების მონაცვლეობა, რუსტირებული კოლონები, შუა რიზალიტის გიგანტური ორდერი და სხვა. მთავარი ფასადის სიმეტრიულობას ხაზს უსვამს სოლისებური რუსტიკით მონიშნული, ეზოში გამავალი ორი გვირაბი და ქვის რიკულებიანი ნახევარწრიული აივნები. ფასადის აღქმისთვის დიდ როლს თამაშობს რუსტიკისა და ქვაში ნაკვეთი ელემენტების დაპირისპირება აგურის კედლის ფონთან.
შენობა იმთავითვე სასამართლოსთვის იყო განკუთვნილი. არქიტექტურული დაგეგმარებით მკაფიოდ იყო დაცული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. მთავარი ოთხსართულიანი ფასადის საერთო აგებულება შუა (ვესტიბიულითა და დარბაზებით) და გვერდის რიზალიტები, შემოსასვლელები ცენტრში და ფრთებზე, ორი სიმეტრიული ჭიშკარი გეგმის ფუნქციური გადაწყვეტილებითაა ნაკარნახევი.
ნაგებობა ჯვრის ფორმისაა. ორი ურთიერთპარალელური კორპუსი ორიგინალურად უკავშირდება ერთმანეთს კიბის მეშვეობით, რაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხატვრული ელემენტია შენობის კომპოზიციაში. მნიშვნელოვანია ეზოს სიღრმეში მდებარე ჯვრისებრი კორპუსის გამანაწილებელი ჰოლის – თავისებური როტონდის, ვესტიბიულისა და დარბაზთა მხატვრული გაფორმება არქიტექტურული ელემენტებითა თუ მხატვრობით. ვესტიბიულისა და დარბაზების მოხატულობისათვის მოწვეულნი იყვნენ ოსტატები სანქტ-პეტერბურგიდან. ვესტიბიულის იატაკი მოპირკეთებულია გრანიტით. თითოეული სართულის კედლები და ჭერი მოხატულია სხვადასხვა სტილში. მოხატულობა საერთო კომპოზიციას და შენობის მთავარ დანიშნულებას შეესაბამება: პირველი სართულის ვესტიბიულის ჭერზე გამოსახულია თემიდა - მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ქალღმერთი ბერძნული მითოლოგიდან. ინტერიერში განსაკუთრებით საყურადღებოა შენობის პარადული, მასიური კიბეები, მუქი ხის მოაჯირებით და ბაროკოს სტილის ინკრუსტირებული ბრები. მიუხედავად მრავალი გადაკეთებისა, ინტერიერში მაინც შენარჩუნებულია თავდაპირველი, ავთენტური სახე, თუმცა ბოლშევიკური რეჟიმის დროს გადაიტიხრა დარბაზები და ვესტიბიულები; სხდომის დარბაზები შემცირდა და დაიყო პატარა ოთახებად; დამახინჯდა ინტერიერის არქიტექტურულ-მხატვრული სახე და საერთო შიდა სივრცის რაციონალური გადაწყვეტა. 1973 წელს შენობა ისევ უზენაეს სასამართლოს დაუბრუნდა და მოხდა მისი პირვანდელი სახით აღდგენა.