დეტალური ინფორმაცია
სამღებროს.ქ.#6-ში მდებარე აგურით ნაშენი კუბური მოცულობის მქონე ორსართულიანი შენობა თბილისური აივნიან-შუშაბანდიანი სახლების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს გვთავაზობს. მთავარი ფასადით მეტეხის ტაძრისა და მდ. მტკვრისკენ მაყურებელი სახლი ქალაქის ერთ-ერთ უძველეს მოედანზე გამოდის და სახლის, პრაქტიკულად, მთელ პერიმეტრზე მოწყობილი ხის შუშაბანდით ეხსნება გარემოს. ხის კონსოლებს დაყრდნობილი შეკიდული შუშაბანდი შენობის მთავარი მხატვრულ-არქიტექტურული მოტივია. ამჟამინდელი სახე XIX საუკუნის შუახნის შენობამ, 2011 წელს უბნის რეაბილიტაცია-რეკოსნტრუქციის შედეგად მიიღო. აბანოთუბნის რთულ რელიეფს შეფენილი ამგვარი ხის აივნიანი თუ შუშაბანდიანი სახლები თბილისის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. სახლების ეს რიგი კარგად აღიქმება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან და მეტეხის პლატოდან. მთელი ქუჩა თითქოს შერწყმულია ნარიყალას ციხის ძირის განაშენიანებასთან.
სამღებროს ქუჩა თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა, რომელიც ქალაქის 1876 წლის გეგმაზეა დატანილი. XIX საუკუნის დასაწყისში, 1808 წელს სიონის ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებზე მომხდარი ხანძრის გამო აქ გადმოიტანეს სამღებრო სახელოსნოები უძველესი სამღებრო რიგიდან — ლილახანიდან (ახლანდელი ანტონ კათალიკოსის ქუჩა). ახალი სადგომი ხელსაყრელი იყო გოგირდის აბანოებთან სიახლოვის გამო. ბუნებრივი თბილი წყარო ჩაედინებოდა მდ. დაბახანაში (წავკისისწყალი), სადაც მღებავები ქსოვილებს რეცხავდნენ. სამღებრო რიგს სამღებრო ქუჩა 1870-იან წლებში ეწოდა.