დეტალური ინფორმაცია
ფურცელაძის N12 სა და უდიაშვილის, (ყოფილი კეცხოველის ), N7-ში მდებარე სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობა ძალზედ საინტერესო საერთო მოცულობის, მასების გადანაწილებისა და შენობის ფუქნციურ-გეგმარებითი ჰარმონიის არქიტექტურული გადაწყვეტით, თბილისური მოდერნული არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეული ნიმუშთაგანია. მისი მხატვრული გამომსახველობა, გამორჩეულ არქიტექტურულ გემოვნებასა და ტაქტზე მეტყველებს.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახელმწიფო ბანკის კანტორა იყო განთავსებული, საკმაოდ დიდ პერიმეტრზე იშლებოდა. ის ფაქტობრივად ლორის მელიქოვის ქუჩიდან იწყებოდა და ბარონის ქუჩის მარცხენა ფლანგის შუაწელამდე გრძელდებოდა. სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობა, თბილისური მოდერნული ‘’Art Nouveau’’-ს არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეული ნიმუშთაგანია.
ამჟამინდელი ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული იყო საკუთრივ ბანკი, ხოლო ბარონის ქუჩის მხარეს, მომიჯნავედ არსებულ ნაგებობას კი ბანკის მომსახურეთათვის საცხოვრებელი სახლის ფუნქცია ქონდა. ორი შენობა გაერთიანებული იყო ერთი, საკმაოდ დიდი ზომის შიდა ეზოთი ისე, რომ ფაქტობრივად, გუდიაშვილის თანამშრომლებსა და მომსახურე პერსონალს ეზოს გავლით შეეძლოთ ბანკში შესვლა. აღნიშნული ორი შენობის ფუქნციურ გეგმარებითი გადაწყვეტა, ორგანულად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგალითად, ქუჩაზე გამომავალი საცხოვრებელი სივრცეები, მეორე და მესამე სართულზე დერეფნის საშუალებით გადიოდა უშუალოდ ბანკის შენობაში. ასეთი მორგებული, ადაპტირებული და კომფორტული სისტემა ბანკის ხელმძღვანელთათვის იყო შექმნილი - სამივე სართულზე ბანკის დირექტორი, და მისი მოადგილეები ოჯახებით ცხოვრობდნენ. შენობის უკანა ფლიგელები კი, რომლებიც შიდა ეზოსკენ იხსნებოდნენ, უშუალოდ ბანკის მომსახურე პერსონალთათვის იყო გათვალისწინებული. შენობის მეორე სართულზე ბანკის დირექტორი იასონ ლორთქიფანიძე ცხოვრობდა, რომლის ბინიდანაც სამუშაო კაბინეტში ყოფილა გასასვლელი.
შენობა გამორჩეულია არამხოლოდ ეზოსა და ქუჩის ფასადებით, არამედ ინტერიერითაც, მასში არსებული ავეჯიც, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, საგანგებოდ, დაკვეთით ყოფილა დამზადებული.