ამბობენ
დედაქალაქის მთავარი საათი თბილისის საკრებულოს კოშკურაში დროს ითვლის.
როცა საათი დაამონტაჟეს, ამ შენობის კოშკს სახანძრო- დანიშნულება ჰქონდა, ახლა მას საქალაქო რატუშების ტრადიციული როლი აკისრია.
გერმანული წარმოების საათი ტფილისის სათათბიროს შენობაში ჯერ კიდევ 1884 წელს დაამონტაჟა ცნობილმა ტფილისელმა მესაათემ იულიუს გენემ, რომელიც მის მომვლელადაც იქცა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მრავალჯერ დაზიანდა და აღადგინეს.
XX საუკუნის დასაწყისში ერთ–ერთი გირი მოწყდა, რომელსაც იატაკი და ჭერი გაუნგრევია. საათი მოიშალა, სანამ შეაკეთებდნენ, ერთი ხელოსანი დაიქირავეს, რომელიც ხელით ატრიალებდა ისრებს. ტფილისის მესაათეების გილდიას თავისი გერბი ჰქონია. მასში ყველა ნაღდი მესაათე იყო გაერთიანებული. მოგვიანებით გილდია კომისიად გადაკეთებულა, რომელიც მუშაობის ნებართვას სპეციალურ სერთიფიკატით აძლევდა ოსტატს.
თბილისის ომის დროს (1991-92წწ) ორი ტყვია მოხვედრია ისტორიულ საათს და გაჩერებულა.
დღეს ყოველ საათზე რევაზ ლაღიძის „თბილისო“ ჟღერს.
დეტალური ინფორმაცია
თავისუფლების მოედნის N2- ში მდებარე ქალაქის ყოფილ სათათბიროსა და გამგეობის შენობას რეკონსტრუქცია 1882-1886 წელს ჩაუტარდა. შიდა გეგმარება ეკუთვნის წარმოშობით რუს არქიტექტორს, ალექსანდრე ოზეროვს, ხოლო, ფასადის გაფორმება გერმანელი არქიტექტორის, პაულ შტერნისაა. სტილისტურად, შენობა ფსევდო-მავრულ ყაიდაზეა ნაგები და XIX ს-ის ერთ-ერთ, საინტერესო არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია არქიტექტურულ დაგეგმარებაში.