დეტალური ინფორმაცია
გ.ტაბიძის N24-ში მდებარე შენობა აგებულია 1896 წელს . ამაზე ასათიანის ქუჩის მხარეს არსებული, ეზოში გასასვლელი გვირაბის თავზე, სართულშუა გადახურვის სარტყელზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს. სახლს მესამე სართული დააშენეს 1932 წელს, მისი მხატვრულად ჩამოყალიბებული გარეგნული სახის გათვალისწინების გარეშე. შენობა ასათიანისა და გალაკტიონის ქუჩებისა და ზოგადად სოლოლაკის უბნის ორგანულ ნაწილად აღიქმება. ამას ხელს უწყობს, როგორც მისი მასშტაბი (მიუხედავად უხეში ჩარევისა), ასევე ფასადის არქიტექტურულ-მხატვრული სახე, რომელსაც საფუძვლად დაედო XIX საუკუნის ინტერპრეტაციით მოცემული რენესასნსული და ბაროკალური ფორმები. სახლის ფასადი გამოირჩევა საგანგებოდ დამუშავებული მაღალი მხატვრული ნაძერწი პროფილებითა და დეკორატიული ელემენტებით. სადარბაზოში შესასვლელ კართან, მოზაიკის იატაკზე შემორჩენილია შავი მარმარილოსაგან შესრულებული წარწერა რუსულ ენაზე- "Э. Теръ-Акорова", სახლის მეპატრონის, ეველინა ტერ-აკოპოვას სახელი და გვარი . ასევე ა. ანდრეოლეტის ლატუნის წარწერა, რომელსაც ეკუთვნის შენობის დეკორატიული მოპირკეთება.