დეტალური ინფორმაცია
ქიქოძის ქ.#4-ში მდებარე შენობა თავდაპირველად აშენდა, როგორც საცხოვრებელი სახლი, რომლის მეპატრონეც ი. ხარაზოვია. 1918-1921 წლებში, შენობაში ფუნქციონირებდა ფრანგული საელჩო, რომლის კონსულიც საქართველოში გახლდათ ცნობილი ფრანგი მოგზაური და მეწარმე ჟაკ-ფრანსუა გამბა. მან ორჯერ იმოგზაურა კავკასიაში და პარიზში დაბრუნებისას თავისი მოგზაურობის დაწვრილებითი აღწერილობა გამოსცა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა თბილისში საფრანგეთის საკონსულო.
შენობაში XX საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავძის ძალისხმევით, სათავადაზნაურო გიმნაზია განთავსდა. მოგვიანებით, გასაბჭოების შემდეგ, სათავადაზნაურო გიმნაზიის „ნანგრევებზე" დაარსდა #14-ე შრომის სკოლა. მოგვიანებით #39-ე, მეორე ექსპერიმენტული სკოლა, დღეის მდგომარეობით მასში #50-ე საჯარო სკოლაა განთავსებული.
სათავადაზნაურო სკოლის ფარგლებში, შენობაში მოღვაწეობდა იაკობ გოგებაშვილი, ნიკო კეცხოველი. ხშირად სტუმრობდა სკოლას თავად ილია ჭავჭავაძეც. სკოლაში ასწავლიდნენ: კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, აკაკი შანიძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები. შენობა მოდერნული-Art Nouveau არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს, რომლის მდიდარი დეკორატიული გაფორმება გამოყენებულია როგორც საფასადო კომპოზიციაში, ასევე ინტერიერში.შენობა რთული კომპლექსური ფორმებითა და მაღალმხატვრული სამშენებლო თუ მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით ხასიათდება.