დეტალური ინფორმაცია
ა.თბილელის(ყოფილი კაშენის)ქ.#1-ში მდებარე ორსართულიან შენობას აბო თბილელის ქუჩისა და ლ. გუდიაშვილის მოედნის კუთხეში მოზრდილი ტერიტორია უკავია. ბაროკოული ეკლექტიზმის სტილში გადაწყვეტილი კუთხეჩამოთლილი საცხოვრებელი სახლი XIX საუკუნის მიწურულით თარიღდება. პლასტიკური სამკაული მეორე სართულზეა თავმოყრილი. დეკორატიული ლესვით რუსტირებულ პირველ სართულს სარკმლების თანაბარზომიერი რიტმითა და პილასტრებით დანაწევრებული მეორე სართული აგრძელებს. კუთხის რიზალიტებითა და ლითონის აჟურული აივნით აქცენტირებული საფასადო კომპოზიცია სიმეტრიული, მოწესრიგებული და „მკაცრად ორგანიზებულია“.
შენობა თბილისური საცხოვრებელი სახლის სივრცითი ორგანიზაციის ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს; ადგილობრივი ტრადიციისამებრ მას აქვს ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო, რომელსაც ლითონის სამმარშიანი კიბე იკავებს. მარშებს შორის მცირე ზომის აივნებია მოწყობილი. სახლი ქუჩისა და ეზოს სივრცეში ხის ჭვირული აივნებით იხსნება, რაც შენობის დამატებით მხატვრულ ფასეულობას წარმოადგენს.