დეტალური ინფორმაცია
ვ. პეტრიაშვილის ქ. N8 ში- მდებარე საკმაოდ მოცულობითი, სამსართულიანი შენობა XX საუკუნის დასაწყისს ეკუთვნის და იმ დროისათვის მოდურსა და პოპულარულ მოდერნის ‘’Art Nouveau’’ ესთეტიკას მისდევს. თუმცა, ფასადის საერთო შემკულობას არტ-დეკოს ზეგავლენაც ატყვია, რაზეც მისთვის სახასიათო მოტივი - გვირგვინად შეკრული გირლანდები მიუთითებს. ამით უნდა აიხსნას სწორკუთხა კარ-სარკმლების თანაბარზომიერი რიტმით დანაწევრებული და კიდურა რიზალიტებით ფლანკირებული ფასადის სისადავე და თავშეკავებულობა, რაც საფასადო კედლის დეკორატიულ ლესვასა და ნაცრისფერ შეფერილობასთან ერთად, მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ქმნის . მიუხედავად ყველაფრისა, არტ ნუვოს სტილისტიკით “შერბილებული” ფასადი მაინც მსუბუქად და ელეგანტურად გამოიყურება. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის განაშენიანების მხატვრულ-არქიტექტურული სახის შექმნაში.