დეტალური ინფორმაცია
ვ. პეტრიაშვილის ქ. #8 ში- მდებარე საკმაოდ მოცულობითი, სამსართულიანი შენობა XX საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება და საიმდროოდ მოდურსა და პოპულარულ მოდერნის ‘’Art Nouveau’’ ესთეტიკას მისდევს, თუმცა ფასადის საერთო შემკულობას მასთან ერთად არტ-დეკოს ზეგავლენაც ატყვია, რაზეც მისთვის სახასიათო მოტივი - გვირგვინად შეკრული გირლანდები მიუთითებს. ამით უნდა აიხსნას სწორკუთხა კარ-სარკმლების თანაბარზომიერი რიტმით დანაწევრებული და კიდურა რიზალიტებით ფლანკირებული ფასადის სისადავე და თავშეკავებულობა, რაც საფასადო კედლის დეკორატიულ ლესვასა და ნაცრისფერ შეფერილობასთან ერთად, მონუმენტურობის შთაბეჭდილებას უქმნის მნახველს. მიუხედავად ყველაფრისა, არ ნუვოს სტილისტიკით “შერბილებული” ფასადი მაინც მსუბუქად და ელეგანტურად გამოიყურება. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის განაშენიანების მხატვრულ-არქიტექტურული სახის შექმნაში.