დეტალური ინფორმაცია
ბეგლარ ახოსპირელის ჩიხი 1, #1- გუდიაშვილის მოედანი #6-ში მდებარე მსხვილმასშტაბიანი სამსართულიანი შენობა გუდიაშვილის მოედანსა და ახოსპირელის ქუჩის კვეთაზე დგას. თაღოვანი და სწორკუთხა ღიობებით დანაწევრებული და მესამე სართულის ვარდულებით “დაცხრილული” ფასადები ტფილისისათვის საკმაოდ უცხო მხატვრულ-არქიტექტურული იერით იქცევს ყურადღებას. XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა სტილისტურად არ ნუვოს უნდა მივაკუთვნოთ, რის დასტურადაც გვევლინება რკინის შეკიდული აივანი, ხის ორფრთიანი კარის მხატვრულად დამუშავებული ლითონის ცხაური და მარმარილოს კიბის მცენარეული დეკორით დამშვენებული მოაჯირი სადარბაზოს ინტერიერში. შენობა მნიშვნელოვანია მოცემული მიკრო უბნის სივრცითი გეგმარებისა თუ, ზოგადად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით; იგი დიდწილად განსაზღვრავს მოედნისა და ქუჩის მხატვრულ-არქიტექტურულ სახეს.
როგორც 2018 წელს გუდიაშვილის მოედანზე წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაირკვა, საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ძველ ფუძეზეა დაშენებული და XVII-XVIII საუკუნეების ერთ და ორდონიანი სარდაფების სისტემებს შეიცავს. XIX საუკუნის სხვადასხვა პერიოდის შენობების ქვეშ სარდაფის სართულში სხვადასხვა დანიშნულების ძველი სადგომები, ან მათი ფრაგმენტები გამოვლინდა. საინტერესო არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა მოცემული საცხოვრებელი სახლის სარდაფშიც, მათ შორის, გვიანი შუა საუკუნეების კერამიკული ჭურჭელი დამღით, რომელიც წვეროსანი მამაკაცის ანფასს გამოსახავს; მას პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.