საქართველოს ეროვნული მუზეუმი

დეტალური ინფორმაცია

შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობა,  თბილისის ხუროთმოძღვრებისა ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში და ადრეული კლასიციზმის უმნიშვნელოვანესი მაგალითია, რომლის მაგვარი სულ რამოდენიმეა გადარჩენილი ქალაქში. შენობა, სწორედ ისტორიული მეხსიერების, უმაღლესი მხატვრულ-არქიეტქტურული ღირებულების გამო, 
თავად ატარებს ერთგვარი „სამუზეუმო ექსპონატის“ სახეს, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მე 19 საუკუნის 20-იან წლებში, პირველი გიდლიის ვაჭარი, მეცენატი, მრეწველი იაკობ ზუბალაშვილი, ქალაქის ცენტრში აზნაურ თურქესტანიშვილისგან საკმაოდ დიდი ზომის მიწის ნაკვეთს ყიდულობს. 
მიწის ნაკვეთი, საკმაოდ რთულ ადგილას, ერევანსკის მოედნისა და სალდათის ბაზარს შორის მოქცეულ სივრცეს მოიცავდა, რომელსაც სამხრეთით მხრიდან პუშკინის ქუჩის, დასავლეთით ლორის მელიქოვის, ჩრდილოეთით გრაფის, ხოლო აღმოსავლეთით გრაფის ქუჩის მცირე ჩიხით შემოისაზღვრებოდა.  ქუჩებს შორის მოქცეული მიწის ნაკვეთის ფორმა თავისთავად განისაზღვრებოდა არსებული ქუჩათა ქსელით, რომელიც განაპირობებდა კიდეც ნაკვეთის მოზახულობას. 
1930-იანი წლებისთვის, იაკობ ზუბალაშვილი, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას გადაწყვეტს, რასაც თბილისში მოწვეულ არქიტექტორს ჯუზეპე ბერნარდაცის უკვეთავს. იტალიური წარმომავლობის არქიტექტორი და ტოპოგრაფი ჯუზეპე ბერნარდაცი (1788-1840), თავის ძმასთან, ქვისმთლელ და არქიტექტორ ჯოვანისთან (1782-1842) ერთად,  ჩამოდის საქართველოში.
ზუბალაშვილმა ბერნარდაცს თავის მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობა დაუკვეთა, რომელშიც სასტუმრო „პალასი“ განთავსდა. 1840 წელს იგი საეგზარქოსომ შეიძინა და მასში სასულიერი სემინარია მოეწყო.  1921 წელს ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობას პირველადი ფუნქცია დაუბრუნეს და მასში სასტუმრო „პალასმა“ დაიდო ბინა.  1950 წელს შენობაში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მასში საქართველოს ხელოვნების მუზეუმი განთავსდა.
ტრაპეციის გეგმის მქონე სამსართულიანი შენობა სამ ქუჩას შორის, მთელ კვარტალს იკავებს. მისი მთავარი ვიწრო და სიმეტრიული ფასადი, შვერილი პორტიკით, პუშკინის სკვერისკენ არის მიმართული. სამკუთხა ფრონტონით დაგვირგვინებული პორტიკის პირველ სართულს თაღედი წარმოადგენს, რომელსაც მეორე სართულის გიგანტური, იონიური კაპიტელებით შემკული კოლონადა ეყრდნობა. სვეტებს შორის ტერასის შემომსაზღვრელი ბალუსტრადაა მოთავსებული. ტერასაზე გამავალი თაღოვანი ღიობები სადა საპირეებით არის შემკული. ღიობებს შორის ასევე გიგანტური იონიური კაპიტელებით გაფორმებული პილასტრებია დატანილი, რაც თითქოს პორტიკის სურათს იმეორებს. პორტიკის ორსავ მხარეს, სამივე სართულზე, თითო-თითო სარკმელია მოქცეული. ისინი, ისევე, როგორც ლ. გუდიაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩისკენ მიმართული მონუმენტური ფასადებზე, მწკრივებად განლაგებული სარკმლები, საჭექი ქვებითა და სადა, რკალური, ერთიან კარნიზში მოქცეული ფრონტონებით არის გაფორმებული. პუშკინის ქუჩის მხარეს ფასადზე უხვად გვხვდება ცრუ სარკმლები. მესამე სართულზე განლაგებული კვადრატული ფანჯრები შეუმკობელია. პუშკინის ქუჩის მიმყოლ ფასადზე მოქცეულ რკალური ფრონტონებით შემკულ სარკმლებს სწორკუთხა და სამკუთხა ფრონტონების მონაცვლეობითი რიგი ერთვის. აღნიშნულ მხარეს, რელიეფის დაფერდების გამო, დამატებითი სართული ემატება, რომელზეც შეუმკობელი სადა ფანჯრებია განთავსებული. შენობის უკანა,ქუჩისკენ გამავალ ფასადს სადა, სხვადასხვა ზომის, სიმეტრიულად განაწილებული ფანჯრები და ცრუ სარკმლები წარმოადგენს. რუსტირებულ პირველ სართულს დაყრდნობილ ნაგებობას მეტოპებითა და ტრიგლიფებით დანაწევრებულ ფრიზთან ერთად პროფილირებული კარნიზი ასრულებს. აღწერილ მსხვილმასშტაბიან შენობას კარგად გააზრებული ფასადი აქვს, რის მხატვრულ გადაწყვეტაზეც სავარაუდოა, რომ მისმა ფუნქციამ დიდი გავლენა იქონია. სარკმლის სხვადასხვაგვარი შემამკობლების მონაცვლეობით წარმოქმნილი რიტმიკა, ექსტერიერს მრავალფეროვნებასთან ერთად სიმყარესაც სძენს. პუშკინის ქუჩისკენ მიმართულ ფასადს კი მძიმე რუსტირებული პირველი სართული და სარკმლებს შორის დარჩენილი კედლის სიბრტყეები, მას მასშტაბურის გარდა მონუმენტურსაც ხდის.
მუზეუმის ექსპოზიციებშა და ფონდებში, განთავსებულია ხელოვნების ნიმუშები შუა საუკუნეების ხანიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქროს ფონდს (საგანძური), სადაც გამოფენილია VIII-XIX სს-ის ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები (VIII-XV სს.), რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები, მხატვრული ნაქარგობის ნატიფი ნიმუშები, აგრეთვე შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერის, ხეზე კვეთის ნიმუშები. მუზეუმში დაცულია ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების კოლექცია (146 ფერწერული ტილო), გიგო გაბაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვა ქართველ მხატვართა ნაწარმოებები, XVIII-XIX სს-ების რუსეთის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისა (ლუკას კრანახი, შარდენი და სხვ.) და აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა ხელოვნების, მათ შორის, ყაჯარული პორტრეტების უმდიდრესი კოლექცია.
 

ძველი შენობა საინტერესო ისტორიით

ვახტანგივახტანგი