დეტალური ინფორმაცია
ილია ჭავჭავაძის გამზ.N1-3-ში მდებარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსს საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის გამორჩეული მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიერ, შენობა იმთავითვე უნივერსიტედად იყო ჩაფიქრებული, თავდაპირველად იგი კერძო სათავადაზნაურო გიმნაზიისთვის აიგო, რადგან რუსეთის იმპერიის პირობებში, უმაღლესი სასწავლებლის მშენებლობაზე ქართული მხარე ნებართვას ვერ იღებდა. აღნიშნულ შენობაში უმაღლესი სასწავლებელი 1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, იმავე წლის 3 სექტემბერს, მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა. იმხანად მთელ კავკასიაში მხოლოდ ერთადერთი უნივერსიტეტი არსებობდა.
შენობის აგების საკითხი ჯერ კიდევ 1897 წელს, 22 მაისს, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ნიკო ცხვედაძემ, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების სხდომაზე დააყენა. შემთხვევითი არ იყო, რომ ასეთი ამბიციური, ეროვნული პროექტის განსახორციელებლად იმხანად საქართველოში მოღვაწე, პროფესიული განათლების მქონე ერთადერთი არქიტექტორი - სიმონ (სვიმონ) კლდიაშვილი მოიწვიეს. /1899 წელს სვიმონ კლდიაშვილს უკვე მზად ჰქონდა ესკიზი მაგრამ მშენებლობა 1900 წლის 14(26) ოქტომბერს დაიწყო, როცა საზოგადოების თანდასწრებით სკოლის ახალ შენობას ჩაუყარეს საძირკველი. 1906 წლის 26 ნოემბერს შენობის გარკვეულ ნაწილში ქართული გიმნაზია განთავსდა. თუმცა, შენობის მშენებლობა მხოლოდ 1916 წელს დასრულდა, რისთვისაც, ჯამში, იმ დროისათვის კოლოსალური თანხა, 690 ათასი ოქროს მანეთი დაიხარჯა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაგებობა, მასთან ერთად დაპროექტებულ დიდ ბაღთან ერთად, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქალაქის მოცემული ნაწილის ურბანულ დაგეგმარებაში. შენობა გამორჩეულია, როგორც თავისი მოცულობით, ისე მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით. /როგორც არსებული განაშენიანების მთავარი არქიტექტურული დომინანტი, იგი მაშინვე იქცევს ყურადღებას. რუსული Ш-ს ფორმის დაგეგმარების მქონე სიმეტრიულ შენობას სარკმლის დიდი ღიობებით დანაწევრებული მონუმენტური ფასადების მარტივი, გაწონასწორებული კომპოზიცია, დახვეწილი პროპორციები და ძუნწი მორთულობა გამოარჩევს. განსაკუთრებული საზეიმო იერსახით ხასიათდება აღმოსავლეთით, ბაღისაკენ მიმართული მთავარი ფასადი ცენტრალურ ნაწილში გაკეთებული პორტიკით. იოლად შესამჩნევია, რომ შენობას უმაღლესი სასწავლებლის ტრადიციული სახე აქვს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იგი თავიდანვე უნივერსიტეტად იყო ჩაფიქრებული.