ძველი ქარვასლას შენობა

დეტალური ინფორმაცია

სიონის ქ.#8, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #8.  აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე განთავსებული ტფილისის ერთ-ერთ ხიბლსა და კოლორიტს სავაჭრო-საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები - ქარვასლები წარმოადგენდა. სპარსული ენიდან ნასესხები სიტყვა “ქარვასლა” ქარავნის სახლს ნიშნავს და მოგზაურთა და ვაჭართა ქარავნების ღამის გასათენებელ-გასაჩერებელი ადგილის და საქონლის საწყობის ფუნქციას ატარებდა; აქვე დებდნენ სხვადასხვა სავაჭრო ხელშეკრულებას, აქვე ხდებოდა შეთანხმება ფასების აწევა-დაწევის თაობაზე. ფეოდალურ თბილისში დიდი რაოდენობით ქარვასლა იყო, XIX საუკუნეში კი ახალ მოთხოვნილებათა შესაბამისად, ახალი ქარვასლები ააშენეს. საარქივო მონაცემების თანახმად, 1836 წელს თბილისში 7 ქარვასლა იყო, 1850-იანი წლების დასაწყისში კი უკვე - 13 (ყველა კერძო პირს ეკუთვნოდა). 

მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ქარვასლებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა არწრუნის ქარვასლას, რომელმაც სახელწოდება მფლობელის - თბილისელი  ვაჭრის, გეურქ აღა-არწრუნის სახელიდან მიიღო. ეს იყო პირველი ახალი დიდი ქარვასლა, რომელიც სიონის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თბილელის ყოფილი ქარვასლის ადგილას, ძველი საძირკვლის გამოყენებით 1820 წელს აუგიათ. ამ ადგილას პირველი ქარვასლა ჯერ კიდევ როსტომ მეფემ ააშენა 1650 წელს და მოგვიანებით თბილელ ეპისკოპოსს უბოძა.

არწრუნის ქარვასლის სამსართულიან შენობას ქარვასლებისთვის სახასიათო გეგმარება ჰქონდა, დიდი ეზოს გარშემო თავმოყრილი იყო სხვადასხვა ფუნქციის მქონე სათავსები, რომლებიც თაღოვანი ღიობებითა და ლითონის ღია გალერეა-აივნით ეხსნებოდა შიდა ეზოს; ზედა სართულზე 33 საცხოვრებელი ოთახი იყო განთავსებული, მეორე სართულზე — 25 სავაჭრო მცირე ობიექტი და მაღაზიები, სადაც შესაძლებელი იყო საქონლის შეძენა საბითუმო ფასებში. ქარვასლის პირველ სართულზე სათავსოები და საწყობები იყო : ერთი — დიდი და 24 — მცირე ზომის. პირველ სართულზე ასევე, გახსნილი იყო 11 ოთახი, სადაც მუშაობდნენ მეწაღეები და მკერავები. ქარვასლის შიდა ეზოში აუზიც ფუნქციონირებდა. აღსანიშნავია, რომ შენობის სარდაფი სწორედ როსტომ მეფის დროინდელი ქარვასლის ნაწილია. ამ სარდაფებს აგურით ამოყვანილი კამაროვანი გადახურვა ჰქონდა და სწორედ სარდაფის არქიტექტურა გადაურჩა მტრების მრავალრიცხოვან შემოსევებს. 
1855 წლის ხანძრის შემდეგ შენობა გადააკეთეს, თუმც ქარვასლის კოლოსალური ორდერის ტოსკანური ნახევარსვეტებით გაფორმებული სანაპიროსკენ მიმართული მონუმენტური ფასადი 1820 წელს განეკუთვნება და რუსული კლასიცისტური სტილის ღირსშესანიშნავი ნიმუშთაგანია თბილისში, სიონის ქუჩის მხარეს მიმართული მოდერნის - ‘’Art Nouveau’’ სტილის ფასადი კი 1912 წელს აშენდა. ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა.

1984 წელს ნაგებობის ადაპტაცია-რესტავრაციის შედეგად ქარვასლის გახსნილი შიდა ეზო ცილინდრული კამარით გადაიხურა. 1985 წლიდან აქ საქართველოს ეროვნული მუზეუმის 1910 წელს დაარსებული იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი განთავსდა. მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, მდიდარი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები.
ქარვასლის უნიკალურ სარდაფებში გახსნილია ღვინის მუზეუმი, რომელიც 200-ზე მეტი ღვინის სახეობის გარდა, გვიანი შუა საუკუნეების ისტორიას გვიყვება და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას გვაცნობს.