ქიქოძის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

ქიქოძის ქუჩა # 11-ში მდებარე შენობის ისტორია სახიერად ასახავს XX ს-ის 30-იან წლებში საქართველოში დატრიალებული ბოლშევიკური ტერორის ისტორიას. შენობის თავდაპირველი მეპატრონეები ძმები მაილოვები იყვნენ. ილია მაილოვი, პირველი გილდიის ვაჭარი, მეცენატი გახლდათ, მისი ძმა დანიელი,  ბუღალტრული აღრიცხვისა და სესხების სავაჭრო-სამრეწველო კომიტეტის წევრი. მათი მამა კავკასიაში ცნობილი ვაჭარი ღაზარ მაილოვი  ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული. მან დააფუძნა კომპანია „ლაზარ მაილოვი და შვილები". ნაგებობის მშენებლობისთვის ძმებმა არქიტექტორი ა. ტერ-მიქელოვი მოიწვიეს, რომელმაც 1914 წელს  მაილოვებს პომპეზური ვილა აუშენა. შეძლებული სომეხი ვაჭრის მიერ აშენებული სახლი იმთავითვე კომუნისტური პარტიის ელიტის მოწონებით სარგებლობდა. თავდაპირველად აქ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მამია ორახელაშვილი ცხოვრობდა, თუმცა მისთვის ამ სახლში ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა, როდესაც 1937 წელს ის თავად, მისი მეუღლე მარიამი, ქალიშვილი ქეთევანი და სიძე - ცნობილი ქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძე დააპატიმრეს და საშინელი წამების შემდგომ დახვრიტეს. გადასახლებიდან მხოლოდ ქეთევან ორახელაშვილი დაბრუნდა. ამავე ბინაში შეასახლეს ახალი პარტიული ლიდერი ფილიპე მახარაძე.  სამწუხაროდ, დღეს ეს სახლი  მისი სახელით უფრო არის ცნობილი. შენობის ფასადზე ერთმანეთის გვერდით მიმაგრებული  მემორიალური დაფები,  მსხვერპლისა და ჯალათის შეუფასებელი ისტორიის შესახებ მრავლისმეტყველია.