გოგირდის სამეფო აბანო

დეტალური ინფორმაცია

გრიშაშვილის ქ.#1-ში მდებარე XVII საუკუნის I ნახევარში აგებული აბანო XIX საუკუნის თბილისის გეგმაზე „მეითარის“ სახელწოდებით იყო აღნიშნული, მოგვიანებით კი მას სუმბათოვის (სუმბათაშვილის) აბანო ეწოდა. 1822 წლისათვის სუმბათაშვილების აბანოს ნაწილი ვინმე ყია ვეზიროვს შეუსყიდია, საბუთებში ის სუმბათაშვილის კომპანიონად ჩანს. ბოლო დრომდე იქ მამაკაცთა საერთო აბანო ყოფილა. 
 აგურით ნაშენი ნაგებობა სპეციფიკური ხასიათისაა თავისი ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე; ის თავიდანვე აბანოდ იყო აგებული. სწორედ არქიტექტურის სპეციფიკურობა და მკაფიოდ გამოხატული აღმოსავლური ხასიათი სძენს ნაგებობას განსაკუთრებულ ხიბლს და განსაზღვრავს მის გამორჩეულ ურბანულ ფასეულობას ქალაქისთვის. შენობის ძირითადი ნაწილი ორსართულიანია და ერთიანი, ყრუ, მაღალი, მასიური კედლებისგან შედგება. მათ მთავარ შემკულობას კედლისსავე სისქეში დატანილი თაღისებრი ჩაზნექილი ნიშა-არეები ქმნის. ნაგებობის მხატვრულად ყველაზე დატვირთულ ნაწილს კი მისი გადახურვა წარმოადგენს. აქ თავმოყრილია დიდი და მცირე ზომის, ძლიერ შეზნექილი სფერული თუ დაბალი, ლამბაქისებური გუმბათი, რომელთაც, თავის მხრივ, ყველა მხრიდან თაღებით გახსნილი მცირე ზომის “ქუდები,” ერთგვარი ფარნები ხურავს. საბოლოო ჯამში, შენობა მცირე გუმბათიანი ნაგებობებით შედგენილი ერთიანი ანსამბლის  შთაბეჭდილებას ტოვებს.
მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება აგურს, როგორც საშენ მასალას, რადგან მაქსიმალურადაა გამოყენებული მისი მხატვრულ-დეკორაციული შესაძლებლობები. აგურის ვერტიკალური და სიბრტყობრივი წყობის მონაცვლეობა საშუალებას იძლევა ნებისმიერი წრიული თუ მომრგვალებული ფორმის შესაქმნელად. აგურებს შორის არსებული დუღაბის ფენა კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტურული მახასიათებელი ხდება აბანოების არქიტექტურისთვის. ამასთან თითოეული გუმბათის ტიპის გადახურვა უამრავ ნაირგვარ, სხვადასხვა ფორმისა და მოყვანილობის ცალკეულ დეტალს მოიცავს საკუთარ თავში. სანამ უშუალოდ კედლის მასივს შეერწყმება საფეხურებად, თაღებად და ნახევართაღებად, ფუძისმიერ კვადრატებად და კუთხის ფორმის შვერილებად იშლება. ცენტრალური შესასვლელიდან კიბე ქვევით ეშვება, სადაც დიდი დარბაზები და შედარებით უფრო მცირე სხვადასხვა ფორმის ოთახებია განთავსებული.