დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ.#33-ში მდებარე ძველი ქართული აგურით ნაგები ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი XIX საუკუნის დასასრულით თარიღდება. ლათინური “L”-ის გეგმის მქონე შენობის წაგრძელებული მოცულობა ეზოს სიღრმეში ვითარდება, გამზირის მხარეს კი ვიწრო ფასადით გამოდის. ფასადის ხუთსარკმლიანი კომპოზიცია კლასიცისტური სტილის ნიშნებს ატარებს, რომლის მთავარ მხატვრულ-არქიტექტურულ მოტივსაც ქალის თავის გამოსახულებიანი სანდრიკები და კორინთული პილასტრები წარმოადგენს. თბილისური საცხოვრებელი სახლის ტრადიციის თანახმად, მოცემულ შენობასაც ორი განსხვავებული ფასადი აქვს; ევროპული სტილის ფასადს, ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზოს მხარეს ძველად ქართული საცხოვრისის განუყოფელი ელემენტი - ეზოსპირა ფასადის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი ხის ღია გალერეა-აივანი აგრძელებს.