პუშკინის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

პუშკინის ქ. #3-ში მდებარე შენობა, აგებულია 1870-იან წლებში. მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შენობის არქიტექტორი ალბერტ ზალცმანია, სამწუხაროდ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.ეს შენობა ქ. თბილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოებად არის მითითებული. ქ. თბილისის საკრედიტო საზოგადოება დაარსდა 1880 წლის 31 ოქტომბერს და იმდროინდელი რუსეთის იმპერიის საკრედიტო საზოგადოების გუბერნიების დიდი ქალაქების ერთ-ერთ ფილიალს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო საკრედიტო საზოგადოება, არასამთავრობო ფინანსური ორგანიზაცია იყო, რომელიც გირაოდ ქალაქ თბილისის მამულებს იღებდა. აღნიშნული საზოგადოების წევრებს შეადგენდნენ დაგირავებული მამულების პატრონები. საზოგადოება გირაოდ ხის და კაპიტალურ შენობებს იბარებდა. ხის შენობებზე 14 წლის ვადით, 10 პროცენტის სანაცვლოდ, ხოლო ქვითკირის შენობებზე 25 წლის ვადით, რომლის საპროცენტო განაკვეთი წლიურად 7 პროცენტს შეადგენდა. საზოგადოება სესხად იძლეოდა გირავნობის ქაღალდებს. აუცილებელი პირობა სესხის გაცემისას იყოს ის, რომ უძრავი ქონება უსათუოდ დაზღვეული უნდა ყოფილიყო. შენობა თავდაპირველად წარმოადგენდა მსუბუქი ეკლექტიზმით შეზავებული ფსევდო-რენესანსული სტილის ნაგებობას, მოედანზე გამომავალი გრძივი ფასადით. ნაგებობას XX ს-ის დასაწყისში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ის ერთი სექციით დაგრძელდა. ცვლილებები შეეხო ინტერიერსაც, რომელიც მოდერნის ‘’Art Nouveau’’  ყაიდაზე მოეწყო. შენობის ფასადისგან განსხვავებით, რომელიც ეკლექტურად არის შეზავებული, შენობის ინტერიერი სტილისტურად ერთ, მოდერნის ‘’Art Nouveau’’  ყაიდას არის დაქვემდებარებული. საბანკო საოპერაციო ოვალური ზომის, დიდი დარბაზის ორიარუსიანი სივრცე, საკმაოდ მდიდრულად არის გაფორმებული. დეკორატიული ელემენტებით არის შემკული, როგორც აივნის მოაჯირები, ასევე სვეტები, დარბაზის ჭერი. დახვეწილი პროპორციის სვეტებს შორის არსებული სივრცეები, მცენარეული მოტივის ერთიანი ნახატიდან, ქალის პლასტიკური სახეები ამოიძერწება. ერთიან სტილისტურ კონცეფციას არის დაქვემდებარებული არამხოლოდ შიდა სივრცის მხატვრული გაფორმება, არამედ ავეჯი და მცირე პლასტიკის ელემენტებიც. საკრედიტო საზოგადოების შენობა ერთ-ერთი პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში. მისი შიდა გეგმარებითი სტრუქტურა სწორედ ფუქნციიდან იყო განპირობებული. შენობის მარცხენა მონაკვეთში, ძირითადი ,,საოპერაციო“ სივრცე იყო განთავსებული, რომლის არამხოლოდ ინტერიერი, არამედ ავეჯიც, ბანკის ფუნქციის შესაბამისად იყო მოწყობილი.

ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობები