თბილისის სახელმწიფო სამხატრო აკადემია

დეტალური ინფორმაცია

გრიბოედოვის ქ.#22-ში მდებარე სამხატვრო აკადემიის შენობა, იმ გამორჩეულ ნაგებობათა რიცხვშია რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქალაქის ისტორიულ მეხსიერებაში.
ტერიტორია, სადაც შენობაა განთავსებული ისტორიულად გარეთუბანს წარმოადგენდა. XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებშივე გარეთუბანი გახდა არისტოკრატიის საცხოვრებელი უბანი. ქართველი თავადაზნაურობის ნაწილმა ალღო აუღო ახალ დროებას და მათაც იწყეს სახლების მშენებლობა საკუთარ მამულებში. 
ა. გრიბოედოვის ქუჩა ჩამოყალიბდა XIX ს-ის I ნახევარში, 1843 წელს მას კომენდანტის ქუჩა ეწოდა. აქ იდგა ქალაქის კომენდანტის სახლი და თითქმის დაუსახლებელი ქუჩის სახელწოდებაც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა. ა. გრიბოედოვის სახელი ქუჩას 1879 წლიდან დაერქვა და დღემდე შემორჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ქუჩა ზოგან არშაკუნის სახელწოდებითაც არის აღნიშნული. ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ XIX საუკუნის შუა წლებში აქ ჩნდება არქიტექტორ გრიგოლ ივანოვის მიერ აგებული სასახლე თავისი ეკლესიით, რომლის მფლობელად არშაკუნების საგვარეულოს წარმომადგენელი გვევლინება. 
ჩვენთვის უცნობია ჰქონდა თუ არა კავშირი ჩვენი საკვლევი შენობის თავდაპირველ მფლობელს ირანის, პართული წარმოშობის არშაკიდთა სამეფო დინასტიიდან მომდინარე სომეხ არშაკუნიანებთან (არშაკუნები), რომლებიც სომხეთის სამეფო ტახტს განაგებდნენ V საუკუნის დასაწყისამდე. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ თბილისელი არშაკუნი, საკვლევი სახლის მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე ყოფილა.. ასე მოიხსენიება იგი 1856 და 1857 წელს გრიგოლ ივანოვის მიერ შედგენილ პროექტების მინაწერებში. 
XIX საუკუნის შუა წლებში თბილისის საპატიო მოქალაქეობა ქონებრივი ცენზით, ან წარმომავლობით ენიჭებოდათ. გარდა გრიბოედოვის ქუჩაზე არსებული სასახლისა არშაკუნები  თბილისში სხვა სახლებსაც ფლობდნენ. 
თავად ვარდან არშაკუნი სასახლის მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო, 1862 წელს გარდაიცვალა. სასახლე ერთხანს მისი ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა, მერე კი, 1869-86 წლებში არშაკუნის სასახლეში განთავსდა თბილისის ,,კრუჟოკი’’ (Тифлисский кружок). ეს იყო გასართობი კლუბი, რომელსაც ჰქონდა კავკასიის მთავარმართებლის მიერ დამტკიცებული წესდება. 
კლუბში გაწევრიანებული იყვნენ სახელმწიფო სამსახურში მყოფი, გადამდგარი პირები და მათი ოჯახის წევრები. კლუბის წევრებს საშუალება ეძლეოდათ გაცნობოდნენ ლიტერატურას და პრესას; იმართებოდა მეჯლისები, საოჯახო საღამოები, ცეკვები, სასცენო წარმოდგენები. ფუნქციის შესაბამისად შენობაში გამოყოფილი იყო ბიბლიოთეკის ოთახი, სასტუმრო, სასადილო, საბილიარდო, საცეკვაო და სასცენო წარმოდგენების დარბაზი. როგორც ირკვევა, თბილისის ,,კრუჟოკი’’ ამ შენობაში წარმატებით ფუნქციონირებდა წლების მანძილზე. 
საყურადღებოა, რომ 1886 წლისთვის არშაკუნები აღარ ჩანან შენობის მფლობელებად, ხოლო XIX ს-ის დასასრულისთვის შენობის ერთი ნაწილის მფლობელად ნინო ქობულაშვილი გვევლინება, რომელმაც არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს შეუკვეთა მისი რეკონსტრუქცია. 
XX საუკუნის დასაწყისში არშაკუნისეულ ძველ სახლში გაიხსნა სამხატვრო სკოლა, რომლის ბაზაზე 1922 წელს დაფუძნდა თბილისის სამხატვრო აკადემია, რომელიც ერთადერთი იყო კავკასიაში. 
შენობის ფასადის მხატვრული გადაწყვეტა ეკლექტურია. მისი მხატვრული დამუშავება ეფუძნება კლასიცისტურ, ისლამურ და ბაროკულ სტილიზაციას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1857 წელს გრიგოლ ივანოვის მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით აგებული შენობის ქუჩისპირა ფასადზე თავდაპირველი სახე შედარებით უკეთ მარჯვენა ნაწილმა შემოინახა, ხოლო მარცხენა ნაწილი არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილის მიერ 1902 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით არის გადაკეთებული. 
სრულიად უნიკალურია შენობის ინტერიერი, რომელიც აღმოსავლური სასახლების მდიდრული გაფორმების მსგავს ელემენტებს შეიცავს. 
მკვლევრების აზრით, ეს სარკეებიანი დარბაზები ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერ ვირტუოზულად არის შესრულებული და გვიანირანული სასახლეების ინტერიერებისთვის დამახასიათებელი დეტალებითაა დამუშავებული. თვალით მიჰყვები ყვავილოვანი მოტივების დეკორატიულ მოხატულობას, ანდა ძერწული თაბაშირის ორნამენტებით დაფარულ კედლებს, რომელიც თეთრი მაქმანის სისადავეს გახსენებს. სწორედ აქედან იწყება რელიეფებზე ელეგანტური სპარსული ბაროკო, ჭერზე გასული არაბესკები, დეკორის დინამიკურობა და მოქნილობა, მოტივის დაუსრულებელი გამეორება და მერე ერთიან მონუმენტურ ფერწერად გადაქცევა, სადაც არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. სულ რამდენიმე წლის წინ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რის შედეგადაც სრულიად განახლდა მისი ინტერიერი.
1922 წლიდან, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ინიციატივით, შენობაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია განთავსდა.