ამბობენ
მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ეს უნიკალური სახლი, მეორე გილდიის ვაჭარ მიხეილ კალანტაროვს ეკუთვნოდა. შენობა ძალიან ჰგავს თბილისის ოპერის თეატრს.
ამბობენ, რომ კალანტაროვს ოპერის მომღერალი შეუყვარდა. ქალის პირობა კი ასეთი ყოფილა: „ცოლად მაშინ გამოგყვები, თუ ოპერასავით სახლს ამიშენებო“.
ვაჭარმა პეტერბურგიდან ახალგაზრდა არქიტექტორი ჩამოიყვანა, და სახლის აშენება მიანდო. ოპერის მომღერალმა კი პირობა შეასრულა – კალანტაროვს ცოლად გაჰყვა. მათ ექვსი შვილი ჰყავდათ.
ამბობენ, რომ კალანტაროვების სახლში, გარკვეული დროის განმავლობაში, ნიკო ფიროსმანი ცხოვრობდა. მას მამა ადრე გარდაეცვალა, ავადმყოფმა დედამ კი იგი თბილისში, კალანტაროვების ოჯახში, მსახურ ბიჭად გააგზავნა.
ნიკოს თავისი პირველი, ბავშვური ნახატები ამ სახლის კედლებზე დაუხატავს. ამის გამო ხშირად ტუქსავდნენ, თუმცა ის მაინც აგრძელებდა კედლების ნახატებით მორთვას.
მოგვიანებით, ნიკალას კალანტაროვის ქალიშვილი შეყვარებია, რის გამოც სახლიდან დაითხოვეს.
საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, კალანტაროვებს ქვეყნის დატოვება მოუხდათ, ოპერის მსგავსი სახლი კი კომუნალურ სახლად გადაიქცა.
დეტალური ინფორმაცია
ი. მაჩაბელის ქ. N17 სა და ლ. ასათიანის ქ. N27-ში მდებარე შენობა აგებულია 1908 წელს თბილისელი, წარმოშობით სომეხი არქიტექტორის ღაზარ სარქისიანის მიერ. შენობა ეკუთვნოდა ვაჭარ მ. ქალანთაროვს. შენობა სტილისტურად ფსევდო-მავრიტანულ ყაიდაზეა ნაგები და თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ, გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. გარდა ფასადისა, საინტერესოა შენობის მოხატული სადარბაზოები.