გიორგი ლეონიძის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

გ.ლეონიძის(ყოფილი კიროვის) ქ.#7-ში მდებარე სახლი ეკუთვნოდა მეფე ერეკლე II-ის რძალს, უფლისწულ ერეკლე ბატონიშვილის დედას, მარიამს. შენობა აგებულია გერმანელი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის მიერ 1863 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით. ძველი ქართული აგურით ნაგები, მსხვილმასშტაბიანი სამსართულიანი სახლის (მესამე სართული მოგვიანებით დაედგა) ფსევდო რენესანსულ-ბაროკოული სტილის არქიტექტურულ მოტივთა გამოყენებით შექმნილი საფასადო შემკულობა ეკლექტიზმის ნიშნებს ატარებს. პროფილირებული საპირეებით მოჩარჩოებული თაღოვანი სარკმლები და კორინთული კაპიტელებით დამშვენებული სვეტები სისადავის, მონუმენტურობისა და ერთგვარი დიდებულების შთაბეჭდილებას უტოვებს მნახველს. 
ქუჩათა კვეთაზე მდგარი შენობა, რომელიც კუთხითვე ეხსნება გარემოს და ყველა მხრიდან თანაბრად მოიხილვება, მნიშვნელოვან ქალაქგეგმარებით როლს თამაშობს. სახლი სრულიად ორგანულადაა ჩაწერილი უბნის საერთო ურბანულ კონტექსტში; პროპორციული თუ მასშტაბური, მხატვრულ-სტილისტური თუ სივრცულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით ნაგებობა განუყოფელია ქუჩისაგან.   

ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობები