ამბობენ
ამ სახლის მეპატრონე ალექსანდრე მანთაშევი, უმსხვილესი ნავთობის მაგნატი და ფილანთროპი, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მას უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, და მასზე ბევრ ისტორიას ჰყვებოდნენ: იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს — ტფილისური იპოდრომების მფლობელ მანთაშევს — როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკუთარი ეკიპაჟი არ ჰყავდა: ან ფეხით დადიოდა, ან ტრამვაით მგზავრობდა და თუ ის რომელიმე სასწავლებელთან მოხვდებოდა, გამორჩეულად ღარიბულად ჩაცმულ მოსწავლესთან მიდიოდა, ესალმებოდა და საუბარს უბამდა. მერე ფრთხილად, ისე, რომ ყმაწვილს არ შეემჩნია, ჯიბეში ფულს უდებდა.
აღსანიშნავია, რომ მანთაშევმა, სხვა უამრავ კეთილ საქმესთან ერთად,საფუძველი ჩაუყარა თბილისის ტელეფონიზაციას. მან სოლოლაკში მდებარე საკუთარი სახლიდან დიდუბის საცხენეებამდე პირველი სატელეფონო კაბელი გააჭიმვინა.
დეტალური ინფორმაცია
გ. ტაბიძის ქ. N3/5-ში მდებარე შენობა აგებულია 1905 წელს, წარმოშობით სომეხი, თბილისელი არქიტექტორის, ა. სარქისიანის მიერ. ე. წ. „შემოსავლიანი სახლის“ მეპატრონე ა. მანთაშევი იყო. სტილისტურად, შენობა მოდერნული - Art Nouveau . ელემენტებით არის ნაგები.