მუშთაიდის ბაღი

დეტალური ინფორმაცია

ვ.მაიაკოვსკის ქ.# 2-ში მდებარე მუშთაიდის ბაღი თბილისის უძველესი ბაღია. იგი 1830-იან წლებში გაშენდა და 5 ჰა ფართობს იკავებდა. ბაღის დაარსება სპარსეთის ერთ-ერთ თვალსაჩინო რელიგიურ მოღვაწეს, აღა-მირ-ფათაჰს, და მის ქართველი მეუღლის სახელს უკავშირდება. ფეთეხ-აღა ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისგან წარმოდგა ბაღის სახელიც - მუშთაიდი. 1821-1828 წლების რუსეთ-სპარსეთის ომის დამთავრების შემდეგ აღა-მირ-ფათაჰი, რუსეთის სასარგებლოდ ირანის შაჰის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო იძულებული გახდა სამშობლოდან გახიზნულიყო. რუსეთის ხელისუფლებამ მას 50 დესეტინა მიწა უბოძა ტფილისში, კერძოდ, დიდუბეში, მტკვრის პირას. მეფის რუსეთის ხელისუფლებამ აღა-მირ-ფათაჰს მისთვის ბოძებულ ტერიტორიაზე სასულიერო სკოლის გახსნის ნება დართო. სკოლის დაარსებასთან ერთად აღა-მირმა შესანიშნავი ბაღიც გააშენა. ამავე დროს მას მტკვრიდან 12 კილომეტრიანი გვირაბი და სარწყავი არხიც გამოუყვანია. ეს გვირაბი ახლაც არის, რომელიც მუშთაიდის ბაღიდან იწყება და უერთდება მტკვარს, ასევე არხიც, რომელიც დღესაც მუშაობს და წყალს აწვდის თბილისის რკინიგზასა და თავად ბაღს. 1845 წელს ირანის შაჰმა აღა-მირ-ფათაჰი შეიწყალა და ისიც დაბრუნდა თავრიზში, ბაღი კი ერთ ვაჭარს, გვარად მეღრაბოვს მიჰყიდა. 1855 წელს ბაღი ხაზინამ შეიძინა სასოფლო-სამეურნეო ფერმის მოსაწყობად. ამის შემდეგ ბაღმა რამდენჯერმე გამოიცვალა პატრონი და ბოლოს სასეირნო ბაღად იქცა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. ბაღში იმართებოდა კონცერტები და ეწყობოდა გამოფენები, 1882 წელს კი ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი მუშთაიდიდან აფრინდა. 
მუშთაიდის ბაღი გერმანელთა კოლონიებს ესაზღვრებოდა, რომლის მწვანეში ჩაფლული განაშენიანება ცნობილი იყო ხეხილის ბაღებითა და ბურჟუაზიული, ევროპული ყაიდის სამოსახლოებით. ორთაჭალის ბაღებისგან განსხვავებით, მუშთაიდის ბაღში, უმთავრესად, სწორედ ევროპულ სინამდვილეს ნაზიარები და მაძიებელი საზოგადოება იყრიდა თავს. გერმანელი ქართველოლოგი, არტურ ლაისტი, ასე იგონებს მუშთაიდს: ,,მუშთაიდი ჰქვია მტკვრის პირას მდებარე ვრცელ და მშვენიერ ბაღს, დასერილს ხეივნებით, სადაც სეირნობენ ეტლებითა და ფეხით. ამ ხეივნებს ორსავე მხარეს ჩარიგებული აქვს ველურ ვარდთა და სხვა მცენარეთა ბუჩქები, ხოლო ზედ ხეებზე ყურძნის მტევნებით დახუნძლული ვაზი ადის. ამ ამწვანებულ, დაჩრდილულ ბაღში ყოველ საღამოს იკრიბება თბილისის საუკეთესო საზოგადოება”. 
1887 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველის, ნიკოლოზ შავროვის, თაოსნობით ბაღის ტერიტორიაზე კავკასიის სააბრეშუმო სადგური დაარსდა, რომლის ინიციატივით კავკასიის კუსტარული კომიტეტი გამოვიდა. კუსტარული კომიტეტის, იგივე კავკასიის ხალხთა გამოყენებითი ხელოვნების, ყოფილი მუზეუმის შენობა დღესაც დგას ბაღში, რომელიც ამჟამად მუშთაიდის ადმინისტრაციის კორპუსს წარმოადგენს. 
1935 წელს გაიხსნა მუშთაიდის ცნობილი საბავშვო რკინიგზა, რომელიც უნიკალურია თავისი დაარსების ისტორიით - ის მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზაა.