მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

მ. წინამძღვრიშვილის ქ.#33-ში მდებარე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული, დახვეწილი პროპორციების მქონე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ეკლექტიკური სტილის მოხდენილი ფასადით იქცევს ყურადღებას. შენობის საკმაოდ მაღალი ცოკოლი, მასში გაჭრილი სარდაფის სარკმლებით, ერთგვარ საყრდენს უქმნის სიმეტრიულ საფასადო კომპოზიციას, რომელიც კარ-სარკმელთა თანაბარზომიერი რიტმითა და დეკორატიული რუსტით გამოკვეთილი ვერტიკალებითაა დანაწევრებული. ნაგებობას აგვირგვინებს კრონშტეინებზე შედგმულ პროფილირებულ კარნიზებს დაყრდნობილი პარაპეტი, ურთიერთმონაცვლე ყრუ და ბალასინებიანი მონაკვეთებით, რომელიც მოხდენილ, სადღესასწაულო იერს ანიჭებს შენობას. 
საცხოვრებელი სახლი სივრცითი ორგანიზაციის, პრაქტიკულად, ყველა ტრადიციულ კომპონენტს შეიცავს; ადგილობრივი ტრადიციისამებრ მას აქვს  ქუჩისათვის უხილავი შიდა ეზო, რომელშიც ორივე სართულის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი ხის ჭვირულორნამენტული აივნების საკმაოდ დიდი ნაწილია შემორჩენილი.
შენობა წინამძღვრიშვილის ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების მხატვრულ-არქიტექტურული სახის განუყოფელი და ორგანული ნაწილია და მოცემული მხატვრული ეპოქისათვის დამახასიათებელი თბილისური საცხოვრებელი სახლის კიდევ ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს.