სამღებროს ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

სამღებროს ქ.#15-ში მდებარე აგურით ნაშენი სწორკუთხა მოცულობის მქონე სამსართულიანი შენობა XIX საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება და თბილისური აივნიან-შუშაბანდიანი სახლების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს გვთავაზობს. საცხოვრებელ სახლს ერთადერთი ფასადი აქვს, რომლითაც ფართო, ხალვათ ეზოში გამოდის და სამღებროს ქუჩისკენ იყურება. ნაგებობის მთავარი მხატვრულ-არქიტექტურული მოტივი მთელ პერიმეტრზე მოწყობილი ხის შუშაბანდებია. აბანოთუბნის ამგვარი ხის აივნიანი თუ შუშაბანდიანი სახლები თბილისის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. სახლების ეს რიგი კარგად აღიქმება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან და მეტეხის პლატოდან. მთელი ქუჩა თითქოს შეერწყმულია ნარიყალას ციხის ძირის განაშენიანებასთან. 
სამღებროს ქუჩა თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა, რომელიც ქალაქის 1876 წლის გეგმაზეა დატანილი. XIX საუკუნის დასაწყისში, 1808 წელს სიონის ქუჩასა და მიმდებარე შესახვევებზე მომხდარი ხანძრის გამო აქ გადმოიტანეს სამღებრო სახელოსნოები უძველესი სამღებრო რიგიდან — ლილახანიდან (ახლანდელი ანტონ კათალიკოსის ქუჩა). ახალი სადგომი ხელსაყრელი იყო გოგირდის აბანოებთან სიახლოვის გამო. ბუნებრივი თბილი წყარო ჩაედინებოდა მდ. დაბახანაში (წავკისის წყალი), სადაც მღებავები ქსოვილებს რეცხავდნენ. სამღებრო რიგს სამღებრო ქუჩა 1870-იან წლებში ეწოდა.