რომის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

რომის ქ. #4-ში მდებარე შენობა, თბილისური არქიტექტურის სამაგალითო ნიმუშია, რომელიც სრულად ასახავს XX საუკუნის თბილისური ცხოვრების სტილსა და გემოვნებას. შენობა 1881 წელს აშენდა მეცენატ, საზოგადო მოღვაწისა და პირველი გილდიის ვაჭარ გიორგი ქართველიშვილის მიერ. ქართველიშვილის წვლილი ძალზედ დიდია ქართულ კულტურაში. სწორედ მისი თაოსნობით გამოიცა  ვეფხსიტყაოსნის  ქართული ვერსია, რომლის დასასურათებლადაც  რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი მიხაი ზიჩი მოიწვია. ზიჩი სწორედ ქართველიშვილის სახლში, სპეციალურად მისთვის მოწყობილ სტუდიაში მუშაობდა. გიორგი ქართველიშვილის თაოსნობით აღდგა  დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია. ის იყო წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და ერთ-ერთი დამფინანსებელი. ცნობილია რომ ქართველიშვილისეული ვეფხისტყაოსანის მთელი ტირაჟი, მან უსასყიდლოდ გადასცა აღნიშნულ საზოგადოებას. მის საქმიანობას ერთგვარად აგრძელებდა მისი შვილი ნიკოლოზ ქართველიშვილიც, რომელმაც მუსიკალური განათლება პარიზის კონსერვატორიაში მიიღო. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში. მან თავისი ხარჯით შეადგინა გუნდი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავდა. ნიკოლოზი ხელმძღვანელობდა ქართულ დრამატულ საზოგადოებას. სწორედ მისი დირიჟორობით დაიდგა პირველი ქართული ოპერა "ქრისტინე". ნიკოლოზ ქართველიშვილმა მამისეული სახლის რეკონსტრუქცია 1902 წელს გადაწყვიტა, რისთვისაც ქართველი ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი მიიწვია. შენობა ევროპულ ყაიდაზე მოეწყო და თბილისურ მოდერნულ - Art Nouveau  არქიტექტურის ერთ-ერთ ადრეულ ნიმუშად ითვლება. შენობა შთამბეჭდავია, როგორც საფასადო შემკულობით, ასევე ინტერიერითაც, რომელიც  3 სრულიად უნიკალურ მოხატულ სივრცეს გვთავაზობს. ცნობილია, რომ სწორედ ამ სივრცეებში იმართებოდა ქართველიშვილების სათეატრო წარმოდგენები და მუსიკალური საღამოები. შენობა გამორჩეულია იმითაც, რომ ეს არის პირველი მაგალითი თბილისური არქიტექტურისა, რომელიც შესასვლელშივე ქართული "სალამი"-თ ეგებება სტუმარს.