ივანე ჯავახიშვილის ქუჩა

დეტალური ინფორმაცია

ივ.ჯავახიშვილის #9-ში მდებარე XIX საუკუნის დასასრულს აგებული შენობა თავისი დროის ელიტურ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა, რომლის საფასადო დამუშავებაც ფსევდო-ბაროკული იერსახით, დახვეწილი პროპორციებითა და მდიდრული საფასადო სკულპტურით იქცევს ყურადღებას. შენობა მემორიალურია: აქ 1922-1929 წლებში დაბინავებული იყო, სახალხო მხატვრისა და პროფესორის, მოსე თოიძის ,,სახალხო სამხატვრო სტუდია”. აღმოსავლეთით მცირედ დაქანებულ რელიეფზე მდგომი ორსართულიანი შენობა გეგმარებით ხაზოვანია. ქუჩის, ამ შემთხვევაში ი. ჯავახიშვილის მხარეს, შენობა მხოლოდ ერთი, სამხრეთის ცენტრალური ფასადით გამოდის. გვერდითა ფასადები, მეზობელ განაშენიანებას მიბჯენილი, შეულესავი აგურის წყობით ამოყვანილი ყრუ კედლებია. შენობა სრულიად ორგანულადაა ჩაწერილი უბნის საერთო ურბანულ კონტექსტში; პროპორციული თუ მასშტაბური, მხატვრულ-სტილისტური თუ სივრცულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით იგი განუყოფელია ქუჩისაგან.