დეტალური ინფორმაცია
გუდიაშვილის მოედანი #2. ქვემო კალასა და სოლოლაკის მიჯნაზე მდებარე გუდიაშვილის (ყოფ. ალავერდოვის, შემდეგ აბასაბადის) მოედანი ის ადგილია, სადაც ერთმანეთს ერწყმის შუასაუკუნეებრივი ტფილისის მიხვეულ-მოხვეული ქუჩათა ქსელი და XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ურთიერთპერპენდიკულარული ქუჩებით დაქსელილი ურბანული ქსოვილი. მოცემული ტერიტორია განსაკუთრებით მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა გუდიაშვილის მოედანი N2, რომელიც არაერთ ქართველ თუ ტფილისით მოხიბლულ უცხოელ მხატვარს აღუბეჭდავს ტილოზე. XIX საუკუნეში შენობა ეკუთვნოდა იმპერიულ სამხედრო უწყებას. პირველ სართულზე შტაბი იყო განთავსებული, მეორეზე – ოფიცერთა სასტუმრო. აქ უცხოვრია რუს პოეტს და გვარდიის ოფიცერს, მიხეილ ლერმონტოვს, ვისი სახელიც მოგვიანებით მოედნის მიმდებარე ქუჩას დაერქვა. საბჭოთა პერიოდში ყოფილი საცხოვრებელი სახლი გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციად გადაკეთდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობის რეაბილიტაცია 2018-2020 წლებში მოხდა.
თბილისის ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი უადრესი და უმნიშვნელოვანესი ნაგებობა ორ ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს (თუმც სახლის სარდაფები კიდევ უფრო ძველია). მისი უფრო ადრეული, მარჯვენა ნაწილი 1830 წელს აშენდა, მარცხენა კი 1850-იან წლებს მიეკუთვნება. საქართველოს ისტორიულ ქალაქთა საერო ხუროთმოძღვრებაში რუსეთიდან ახლადშემოსულ კლასიცისტურ მიდრეკილებებს ადგილობრივი სამშენებლო ტრადიცია და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ესთეტიკა დახვდა, ამიტომაც მოცემული შენობა სტილისტურად ქართული, აღმოსავლური და კლასიცისტური არქიტექტურის ელემენტთა ჰარმონიულ ნაზავს გვთავაზობს. ნაგებობაში თბილისური სახლებისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტია თავმოყრილი: ცალ მხარეს – ხის ჭვირული აივნით გარშემორტყმული ფასადები, მის მოპირდაპირედ – კლასიცისტური, ქვით ნათალი სვეტები და ზედ შემოდგმული მუშარაბიანი აივანი ფერადი მინებით, მათ შორის – ჭიშკრიანი გალავნით ქუჩისგან გამიჯნული ეზო, ხის ელეგანტური სვეტებით, აივნებითა და კიბით, მიწის ქვეშ კი თვით სახლზე უფრო ძველი აგურის კამარებიანი სარდაფები. მხატვრულ-არქიტექტურული ფასეულობით, სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურითა და ხნოვანებით მოცემული ნაგებობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უნიკალური ობიექტია.