დეტალური ინფორმაცია
ბამბის რიგის #7 და ზ. გამსახურდიას სანაპირო #6-ში მდებარე “მანთაშევის რიგების” სახელწოდებით ცნობილი ძველი ქარვასლა თბილისელი მეწარმის, პირველი გილდიის ვაჭრისა და ნავთობის ერთ-ერთი მაგნატის - ალექსანდრე მანთაშევის დაკვეთით აიგო 1903 წელს არქიტექტორ ღაზარ სარქისიანის პროექტის მიხედვით. იქვე, ბამბის რიგში იყო შადინოვის, შიოევის და ძმები მაილოვების ქარვასლები, ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ “მანთაშევის რიგები” თავისებურ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ფრიად ორიგინალური და გონებამახვილური სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურის მქონე ნაგებობა ‘’Art Nouveau’’
სტილის ორი შენობისაგან შედგება; ორივე მათგანი ქუჩის მრუდ მოხაზულობას მიჰყვება. “მანთაშევის რიგების” ერთი მოცულობა ყოფილ არწრუნის ქარვასლას ემიჯნება, მეორე კი ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის, ყოფილი ბნელი რიგის, გამყოფ ზღუდედ აღიქმება. ფასადებს ძველი დუქნების ღიობები ანაწევრებს, სავაჭრო რიგის მთავარ მხატვრულ აქცენტს კი არწრუნის ქარვასლის მომიჯნავე შენობის ფასადზე ასიმეტრიულად მოთავსებული რიზალიტი წარმოადგენს. რიზალიტის შებრტყელებულთავიანი თაღის თვალშისაცემად მასიურ თავსართს წვეროსანი მამაკაცის სახის გამოსახულებიანი მონუმენტური საჭექი ქვა ამკობს. მეორე სართულის ფართო ნალისებური სარკმლის თავზე მოცემულია შენობის საექსპლიკაციო რუსული წარწერა “МАНТАШЕВСКIЕ РЯДЫ”. “მანთაშევის რიგები” თბილისის ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, იგი მნიშვნელოვან ქალაქგეგმარებით როლს თამაშობს მოცემული მიკროუბნის ურბანულ ქსოვილში.