თაბუკაშვილის 5

დეტალური ინფორმაცია

ორსართულიანი შენობის ფასადი ევროპულ ხუროთმოძღვრულ სტილს ექვემდებარება. მისი ფასადი სიმეტრიულია. ცენტრში მოქცეულია განიერი რიზალიტი, რომელშიც, თავის მხრივ, თითქოს ორად გაყოფილი, ერთი ნიშაა მოთავსებული. მას აქეთ-იქიდან და ზემოდან ერთგვარი მასიური ჩარჩო საზღვრავს. რიზალიტში, ცენტრში, მოქცეულია კარის ღიობი, მის ორსავ მხარეს - დაბალი, მძლავრი დორიული სვეტები, რომლებსაც თითო-თითო შეუმკობელი სარკმელი მოყვება. მეორე სართულზე სამი ერთნაირი მართკუთხა ფორმის მაღალი ღიობია, მათ ასევე დორიული, პირველი სართულის სვეტებთან შედარებით ვიწრო და მაღალი პილასტრები ამკობს. მათზე თაღებია გადასული, რომლის ცენტრშიც საჭექი ქვაა მოქცეული. ფანჯრების გამმიჯნავ სვეტებს შორის ბალუსტრადით შემოსაზღვრული ფრანგული აივანია მოწყობილი. რიზალიტში სართულები პროფილირებული კარნიზით არის გამოყოფილი. რიზალიტს ერთიანი, დაუნაწევრებელი ფრიზი, პროფილირებულ კრონშტაინებს დაყრდნობილი მძიმე კარნიზი და ბალუსტრადიანი ატიკი აგვირგვინებს. რიზალიტის ორსავ მხარეს, ფასადი ერთმანეთის ანალოგიური სურათით იშლება. ჰორიზონტალური ხაზებით დაღარული პირველი სართულის დაუნაწევრებელი, მძიმე კედლები, ფასადს, სიმყარესა და წონასწორობას მატებს. მეორე სართულზე, ორივე მხარეს, ვიწრო, მაღალი პროპორციის სარკმლებია მოქცეული, რომლებიც ერთიანი, სადა საპირეებით არის შემოსაზღვრული, ერთმანეთისგან კი დორიული ნახევარსვეტები გამიჯნავს. აღწერილი ფასადი, სობჩაკის ქუჩას მიმყოლი ერთიანი, თუმცა ორ სხვადასხვა შენობად მოაზრებული ნაგებობის დაბოლოებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ფასადი არცთუ მასშტაბურია, ის მაინც დომინანტია, რაზეც მისი მორთულობა და საფასადე კომპოზიცია მიგვანიშნებს. სობჩაკის ქუჩისკენ გამავალი ფასადი არათანაბრად განაწილებული მართკუთხა ფანჯრებით არის დანაწევრებული, რომლებსაც სადა საპირეები და საჭექი ქვები ერთვის. გიგანტურ პილასტრებს შორის ერთიან ჩარჩოში დატანილი წყვილი ღიობებია, რომელთაგან ქვედაც ერთიან ფანჯარად არის გაერთიანებული. მესამე სართულზე ბალუსტრადიანი აივანია შეკიდული, რაც შენობის მთავარ ფასადთან გადაძახილს ქმნის. აღწერილი შენობა კლასიკური და რენესანსული ხუროთმოძღვრული ელემენტების შემცველია. მისი ფასადი, კომპოზიციური გადაწყვეტით, მყარი და გაწონასწორებულია. შენობა მასშტაბურია, თუმცა სადად, გააზრებულად გაფორმებული. კომპოზიციების გადაწყვეტით, შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი მთავარი ფასადი და დასმული მახვილები. შენობა განსაზღვრავს სობჩაკის ქუჩის მოხაზულობას და მას თითქოს კრავს. ის ირგვლივ აღმართულ შენობებს შორის დომინანტია, თუმცა, თაბუკაშვილის ქუჩისკენ ქუჩის თავშეკავებულ სილუეტში ეწერება.