ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

cityთბილისი, ილია ჭავჭავაძეს გამზირი N1-3 (ნაკვ.10/030) gps41.7106185, 44.7786381 status დაკეტილია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დეტალური ინფორმაცია

ილია ჭავჭავაძის გამზ.#1-3-ში მდებარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ნაგებობას საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის გამორჩეული მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადო მოღვაწეების მიერ შენობა იმთავითვე უნივერსიტედად იყო ჩაფიქრებული, თავდაპირველად იგი კერძო სათავადაზნაურო გიმნაზიისთვის აიგო, რადგან რუსეთის იმპერიის პირობებში უმაღლესი სასწავლებლის მშენებლობაზე ქართული მხარე ნებართვას ვერ იღებდა. აღნიშნულ შენობაში უმაღლესი სასწავლებელი 1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, იმავე წლის 3 სექტემბერს, მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა. იმხანად მთელ კავკასიაში, ეს იყო ერთადერთი უნივერსიტეტი.
 
შენობის აგების საკითხი ჯერ კიდევ 1897 წელს 22 მაისს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ნიკო ცხვედაძემ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების სხდომაზე დააყენა. არ იყო შემთხვევითი, რომ ასეთი ამბიციური, ეროვნული პროექტის განსახორციელებლად იმხანად საქართველოში მოღვაწე, პროფესიული განათლების მქონე ერთადერთი არქიტექტორი - სიმონ (სვიმონ) კლდიაშვილი მოიწვიეს. 1899 წელს სვიმონ კლდიაშვილს უკვე მზად ჰქონდა ესკიზური პროექტი, მაგრამ მშენებლობა 1900 წლის 14(26) ოქტომბერს დაიწყო, როცა საზოგადოების თანდასწრებით სკოლის ახალ შენობას ჩაუყარეს საძირკველი. 1906 წლის 26 ნოემბერს შენობის გარკვეულ ნაწილში განთავსდა ქართული გიმნაზია, თუმცა შენობის მშენებლობა მხოლოდ 1916 წელს დასრულდა, რისთვისაც, ჯამში, იმ დროისათვის კოლოსალური თანხა, 690 ათასი ოქროს მანეთი დაიხარჯა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაგებობა, მასთან ერთად დაპროექტებულ ვრცელ ბაღთან ერთად, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქალაქის მოცემული ნაწილის ურბანულ გეგმარებაში. შენობა გამორჩეულია როგორც თავისი მოცულობით, ისე მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით. როგორც არსებული განაშენიანების მთავარი არქიტექტურული დომინანტი, იგი მაშინვე იქცევს ყურადღებას. რუსული Ш-ს ფორმის გეგმარების მქონე სიმეტრიულ შენობას სარკმლის დიდი ღიობებით დანაწევრებული მონუმენტური ფასადების მარტივი, გაწონასწორებული კომპოზიცია, დახვეწილი პროპორციები და ძუნწი მორთულობა გამოარჩევს. განსაკუთრებული საზეიმო იერსახით ხასიათდება  აღმოსავლეთით, ბაღისაკენ მიმართული მთავარი ფასადი ცენტრალურ ნაწილში გაკეთებული პორტიკით. იოლად შესამჩნევია, რომ შენობას უმაღლესი სასწავლებლის ტრადიციული სახე აქვს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იგი თავიდანვე უნივერსიტედად იყო ჩაფიქრებული.