დეტალური ინფორმაცია
ილია ჭავჭავაძის გამზ.#1-3-ში მდებარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შენობა პირველი კორპუსის მშენებლობიდან დაახლოებით 35 წლის შემდეგ აიგო არქიტექტორ მ. შავიშვილის პროექტის მიხედვით. ნაგებობა 1940-იანი წლების ბოლოს დასრულდა. არქიტექტორმა შენობები ერთმანეთის გათვალისწინებით ანსამბლურად გაიაზრა და ახალი მოცულობაც ორგანულად ჩაწერა განაშენიანებაში. თავისი მოცულობითა და მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ელემენტებით, მეორე კორპუსიც, პირველის მსგავსად, მკვეთრ აქცენტს ქმნის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უბნის განაშენიანებაში. ქუჩისკენ მიმართული ფასადი ოდნავ შეზნექილია და ოვალური ფორმისაა. ჩანს, რომ მშენებელი მისი შექმნისას ქუჩის ფორმას ითვალისწინებდა. ნაგებობა ისეა დაგეგმარებული, რომ მის შიგნით სამი შიდა ეზოა მოწყობილი.
შენობათა შორის ანსამბლურობის უზრუნველსაყოფად, მეორე კორპუსის მთავარი ფასადის სტილისტური გადაწყვეტა პირველი კორპუსის შენობისას უახლოვდება. მსგავსება ჩანს მოცულობაში, რუსტრირებულ ფასადებში, სარკმელთა რიგებში, ფერადოვნებაში, უპირველეს ყოვლისა კი პარადული პორტიკისა და პანდუსის თემის ინტერპრეტაციაში. მეორე კორპუსის ოთხსართულიანი შენობის ფასადი სამხრეთით, ქუჩისკენაა მიმართული. ამ ფასადის მთავარ მხატვრულ ეფექტს, პირველი კორპუსის შენობის მსგავსად, ქმნის იონიური ორდერის საზეიმო პორტიკი, რომლისკენაც განიერ კიბეებსა და გვერდის პანდუსებს ავყავართ. ფასადის საფუძველს რუხი ფერის ქვით მოპირკეთებული ცოკოლი წარმოადგენს. ნაგებობას პორტიკის ცენტრალურ ღერძზე დადგმული მცირე გუმბათი აგვირგვინებს.