დეტალური ინფორმაცია
ქიქოძის ქ. #6-ში მდებარე შენობა აგებულია 1906 წელს, თბილისელი არქიტექტორის ა. ოზეროვის მიერ. შენობის მეპატრონე მარკოზ დალუხანოვი ყოფილა. შენობა მოდერნული ‘’Art Nouveau“ არქიტექტურის გამორჩეული მაგალითია, რომელიც იმ დროისთვის პოპულარული ისტორიზმისა და რომანტიზმის ელემენტებითაა გაჯერებული, რის გამოც ნაგებობა შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს გვაგონებს. ცნობილია, რომ შენობის პირველ სართულზე განთავსებული ყოფილა კავკასიის ტუბერკულიოზის საზოგადოება. სახლის მესაკუთრე მარკოზ ისაიას-ძე დოლუხანოვი პროფესიით იურისტი იყო. სხვადასხვა დროს ქალაქის თავის მოადგილის, სომხური საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარის და თბილისის კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობებს იკავებდა. დოლუხანოვის ოჯახი გამოირჩეოდა ევროპული განათლებითა და ცხოვრების წესით, დიდი ქველმოქმედებით. ოჯახს ჰყავდა ორი შვილი: ისაია მარკოზის-ძე დოლუხანოვი ცნობილი ადვოკატი და მარიამ მარკოზის ასული დოლუხანოვა-თუმანოვა (გიორგი მიხეილის ძე თუმანოვის მეუღლე). გასაბჭოების შემდეგ ოჯახს მამისეული სახლი ჩამოართვეს და და-ძმის ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ისაია დოლუხანოვის კვალი საბჭოთა გულაგებში იკარგება, მისი ქალიშვილი ელისაბედი 1938 წელს დახვრიტეს. რაც შეეხება მარიამ თუმანოვას, მისმა ორივე შვილმა, ბიძის ბედი გაიზიარა და გადასახლებიდან აღარ დაბრუნებულან.