დეტალური ინფორმაცია
დავით აღმაშენებლის გამზ.#109-ში მდებარე მცირეგაბარიტული მანსარდიანი შენობა თავისი მოკრძალებული ზომებისა და სადა იერსახის გამო ნაკლებად აღიქმება გამზირის უფრო მასშტაბური და უხვადდეკორირებული ნაგებობების ფონზე. აგურით ნაშენი, ნალესობით დაფარული და კარ-სარკმლის ვიწრო ღიობებით გახსნილი ნაგებობა ძველი ქართული აგურით ნაშენი და ფართომალიანი, მშვილდათაღიანი ღიობებით გახსნილი თბილისური სავაჭრო რიგების უფრო გვიანდელ, XIX საუკუნის ვერსიას წარმოადგენს. მანსარდის სართული შენობას გამზირზე 2009-2010 წლებში განხორციელებული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად დაემატა.
ტფილისი, როგორც ამიერკავკასიის პოლიტიკური-ეკონომიკური ცენტრი, ბუნებრივია, აქტიურ სავაჭრო ქალაქსაც წარმოადგენდა, რაც ხელს უწყობდა აქ სხვადასხვა სახის კომერციული ობიექტების წარმოქმნას. მისი ერთ-ერთი სახეობა იყო სავაჭრო რიგებიც, რომელიც ქუჩის გაყოლებაზე ჩამწკრივებული დუქნების, ნაირ-ნაირი პროდუქტით მოვაჭრე მცირე დახლებისა და სახელოსნოებისგან შედგებოდა. ყველა სავაჭრო უბანს ტფილისში თავისი სახელი ერქვა.