დეტალური ინფორმაცია
კოტე აფხაზის ქ. #32-ში მდებარე XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ შენობას ორი ფასადი აქვს, ორივე მდიდრულად არის მორთული, თუმცა მთავარი ფასადი მაინც ერეკლეს ქუჩიდანაა; ამ მხარეს ნაგებობა სამსართულიანია. პირველ სართულის მარჯვენა კუთხეში სადარბაზოს ხის კარია ლითონის ცხაურით, მის გვერდით კი განიერი ღიობები გამოდის. მეორე და მესამე სართულს ოთხ-ოთხი ფანჯარა და თითო კარი ანაწევრებს, მაგრამ ფასადის მთავარ მხატვრულ-არქიტექტურულ აქცენტს ლითონის მოზრდილი, თაღოვანი აჟურული აივანი ქმნის. თბილისში, სადაც ხის ჭვირულორნამენტული აივნების მაღალი კულტურა და ტრადიცია იყო, იშვიათობას წარმოადგენდა ამ ტიპის რკინის აივანი. კოტე აფხაზის ქ. #32/, ერეკლე მეორის ქ. #21-ში განთავსებული საცხოვრებელი სახლის ლითონის აივანი, ამ მხრივ, ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.