დეტალური ინფორმაცია
დ.აღმაშენებლის გამზ. #2-8-ში მდებარე თვალშისაცემად მოცულობითი ხუთსართულიანი შენობა აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და მთავარი ფასადით ზააბრიუკენის მოედანზე გამოდის. ზომებიდან და სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურიდან გამომდინარე, მას დომინანტური მნიშვნელობა აქვს და საყურადღებოა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისითაც. არსებული ისტორიული განაშენიანებისთვის ზედმეტად დიდი მოცულობისა და იმპოზანტური იერის მქონე შენობა სტალინური “ამპირის” სტილშია შექმნილი. ნაგებობის იმპოზანტურობას ხელს უწყობს მასიური ატიკის სართული, რუხი საღებავით დაფერილი რუსტირებული პირველი სართული, პირველ რიგში კი თაღოვანი პორტიკით გახსნილი სიმეტრიული მთავარი ფასადი და მის თავზე ამოსული, ეგვიპტური ლოტოსის მოტივებზე შექმნილი კოლოსალური ორდერის ნახევარსვეტები. შენობის გვერდითი ფასადებიც ასევე მძლავრი პილასტრებით და ფანჯრების ღიობების რიტმითაა დანაწევრებული.
ყურადღებას იმსახურებს ნაგებობის სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურაც. ლათინური გრაფემის “U” მოხაზულობის მქონე შენობის შიდა ეზო, კერძოდ კი ნაგებობის ზედა ოთხი სართული მდ. მტკვრის მხარეს იხსნება. ეზოში განლაგებული ფლიგელები ერთმანეთს გადასასვლელი ხიდით უკავშირდება. სახლის სადარბაზოები სადაა, ქვის კიბითა და ლითონის მოაჯირებით, მთავარი ვესტიბიული კი სტალინური “ამპირის” სტილისტიკას მისდევს; აქ ყურადღებას იქცევს მარმარილოს მასიური კორინთული სვეტები და კესონირებული ჭერი.
ამ სახლში ცხოვრობდნენ XX საუკუნის ცნობილი ქართველი მსახიობები: აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე.