აბანოს ქუჩა

ამბობენ

აბანო ძველ თბილისში შეხვედრის ადგილიც ყოფილა, სადაც ხალხს გათენებამდე შეეძლო ყოფნა. აბანო ზოგჯერ ჩამოსული გლეხისთვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდადღისით საქმით დაღლილები აქ, ორშაურად, ათევდნენ ღამეს.


ქალები აბანოში მთელი დღით რჩებოდნენ და სადილობდნენ კიდეც. ეს იყო მათი კლუბიცა და თეატრიც, სადაც ახალი ტანსაცმლითა და ძვირფასი სამკაულებით იწონებდნენ თავს. აღმოსავლური წესის თანახმად, ქალები და მამაკაცები სხვადასხვა დღეებში დადიოდნენქალების დღე სამშაბათი ყოფილა. თურმე მაჭანკლებიც სწორედ აბანოებში ეძებდნენ ლამაზ ქალებს თავიანთიკლიენტებისთვის“.
ბევრი ლამაზი ქალის ბედი სწორედ აბანოებში გადაწყვეტილა.

 

დეტალური ინფორმაცია

აბანოს ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი უძველესია, რომელსაც, სავარაუდოდ, საფუძველი პირველი აბანოების მშენებლობასთან ერთად ჩაეყარა. იგი აღნიშნულია 1841 წელს შედგენილ ტფილისის ქუჩების ნუსხაში. აქ არსებული და ჩვენამდე მოღწეული შენობების უმეტესობა XIX საუკუნის შუა ხნისაა, თუმცა, ამჟამინდელი სახე, ნაწილობრივ, 1970-იანი წლების რესტავრაციის დროს, ნაწილობრივ კი 2010-იანი წლების აბანოთუბნის რეაბილიტაციისას მიიღო.
აბანოს ქუჩის N23-ში  მდებარე შენობაც აბანოთუბნის ერთ-ერთი ადრეულ ნაგებობაა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ტფილისში მოღვაწე იტალიური წარმოშობის ცნობილი რუსი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის 1860-იანი წლების ფოტოებიდან ირკვევა, რომ სახლი თავდაპირველად ორსართულიანი იყო, ზედა ორი სართული კი მას XIX საუკუნის ბოლოს დააშენეს. საკმაოდ გაბარიტული ნაგებობის ძირითადი მოცულობა უბნის მჭიდრო განაშენიანების სიღრმეში ვითარდება, აბანოს ქუჩის მხარეს კი ვიწრო ფასადები გამოდის. მათ  მთელ პერიმეტრზე გასდევს ხის დორიულ სვეტებს დაყრდნობილი რიკულებიანი აივანი, რომელიც შენობის მთავარი სამშვენისი და მხატვრულ-არქიტექტურული მოტივია. სწორედ ამგვარი ხის აივნიანი სახლები ქმნის აბანოთუბნის ისტორიული განაშენიანების ხიბლს და თბილისის ერთგვარ სავიზიტო ბარათს.