ამბობენ
ცნობილმა ქართველმა მწერალმა, მხატვარმა, მოქანდაკემ ,თეატრისა და კინოს რეჟისორმა რეზო გაბრიაძემ ამ სახლში,1981 წელს, თბილისში პირველი მარიონეტების თეატრი დააარსა. თეატრის სიმბოლოდ მისივე შექმნილი საათიანი კოშკი იქცა :
საათში მოხატული კარიდან ოქროსფრთიანი ანგელოზი გამოდის და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. დღეში ორჯერ — 12:00 საათსა და 19:00 საათზე — შესაძლებელია ზღაპრული სანახაობის ,მშვენიერი თოჯინური წარმოდგენის, „ცხოვრების წრებრუნვის“, ნახვა.
კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკული პანოა, რომელიც რამდენიმე ასეული ფილისგან შედგება. ფილები რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა.
თეატრის ფასადზე რეზო გაბრიაძის ოქროსფრად ამოტვიფრული დევიზი წერია: “Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare” — რაც ქართულად ასე ითარგმნება „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.
თეატრმა თავისი სპექტაკლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და არაერთ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
კოშკის მარჯვნივ მდებარეობს თეატრალური კაფე — „გაბრიაძე“.
რეზო გაბრიაძე ისეთი ცნობილი ფილმების სცენარის ავტორია, როგორიცაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა.
დეტალური ინფორმაცია
აბანოს ქ.# 27-ში მდებარე ძველი ქართული აგურით ნაშენი, მცირე გაბარიტის მქონე ორსართულიანი შენობა XIX საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. აბანოთუბნის ხის აივნიანი სახლების მჭიდროდ განაშენიანებულ მწკრივში მდგარი ვიწრო შენობა ყურადღებას იქცევს უცნაური იერის მქონე ხის ჭვირულორნამენტული თაღოვანი მწვანე აივნით, რომლის თავზეც მეზონინის პატარა აივანი “შესკუპულა”. თბილისური მოხარატებული ხის აივნების ტრადიციული ორნამენტის გვერდით, აქ გვხვდება ვარსკვლავების, თვითმფრინავებისა და სატვირთო მანქანების გამოსახულებები, რაც აივნის გადახურვის ჭრელა-ჭრულა კრამიტთან ერთად, სრულიად უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს და მოულოდნელ ღიმილს ჰგვრის მნახველს. ამ იუმორით გაჯერებული, ორიგინალური საფასადო კონცეფციის, ისევე, როგორც სახლის ინტერიერის დიზაინის ავტორი ცნობილი ქართველი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მხატვარი, მოქანდაკე და მარიონეტების თეატრის დამაარსებელი - რეზო გაბრიაძეა. ამგვარად, მოცემული შენობა არა მხოლოდ, როგორც ისტორიული ნაგებობა, არამედ როგორც საავტორო ნამუშევარი, თბილისური ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.