დეტალური ინფორმაცია
აბანოს ქ.#23. აბანოს ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა, რომელსაც, სავარაუდოდ, საფუძველი პირველი აბანოების მშენებლობასთან ერთად ჩაეყარა. იგი აღნიშნულია 1841 წელს შედგენილ ტფილისის ქუჩების ნუსხაში. აქ არსებული და ჩვენამდე მოღწეული შენობების უმეტესობა XIX საუკუნის შუა ხნისაა, თუმც ამჟამინდელი სახე მათ, ნაწილობრივ, 1970-იანი წლების რესტავრაციის დროს, ნაწილობრივ კი 2010-იანი წლების აბანოთუბნის რეაბილიტაციისას მიიღეს.
აბანოს ქუჩის #23-ში განთავსებული შენობაც აბანოთუბნის ერთ-ერთ ადრეულ ნაგებობაა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ტფილისში მოღვაწე იტალიური წარმოშობის ცნობილი რუსი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის 1860-იანი წლების ფოტოებიდან ირკვევა, რომ სახლი თავდაპირველად ორსართულიანი იყო, ზედა ორი სართული კი მას XIX საუკუნის ბოლოს დააშენეს. საკმაოდ გაბარიტული ნაგებობის ძირითადი მოცულობა უბნის მჭიდრო განაშენიანების სიღრმეში ვითარდება, აბანოს ქუჩის მხარეს კი ვიწრო ფასადები გამოდის. მათ მთელ პერიმეტრზე გასდევს ხის დორიულ სვეტებს დაყრდნობილი რიკულებიანი აივანი, რომელიც შენობის მთავარი სამშვენისი და მხატვრულ-არქიტექტურული მოტივია. სწორედ ამგვარი ხის აივნიანი სახლები ქმნის აბანოთუბნის ისტორიული განაშენიანების ხიბლს და თბილისის ერთგვარ სავიზიტო ბარათს.