დეტალური ინფორმაცია
დ. აღმაშენებლის გამზ. #184-ში მდებარე 1891 წელს აგებული შენობა ყოფილი სააბრეშუმო კომპლექსის ერთ-ერთი შენობაა, რომელიც თუთის პლანტაციის მუშათა საცხოვრებელ სახლსა და საამქროს წარმოადგენდა. შენობის არქიტექტურული პროექტის ავტორად, ისევე როგორც, სააბრეშუმო სადგურის კომპლექსისა და მათ შორის დღევანდელი აბრეშუმის მუზეუმის შენობისა, პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩია.
სახლი სამხრეთით, მტკვრის სანაპიროსკენ დამრეც რელიეფზე დგას. ლათინური ,,Т”-ს ფორმის გეგმარების ორსართულიანი შენობის მთავარი, ჩრდილოეთის ფასადი სამი ქუჩის (დ. აღმაშენებლის, გ. ცაბაძისა და ვ. მაიაკოვსკის) კვეთაზე წარმოქმნილი მცირე მოედნის ტიპის გზაშესაყარს გადაჰყურებს, რაც განსაზღვრავს კიდეც მის ქალაქგეგმარებით მნიშვნელობას. მისგან ჩრდილოეთითაა აღმართული დინამოს ეროვნული სტადიონი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ყოფილი სააბრეშუმო სადგურის მთავარი შენობა - დღევანდელი აბრეშუმის მუზეუმი.
ფსევდო-გუთურ სტილში გადაწყვეტილი ეკლექტიკური შენობის სამ რიზალიტად დანაწევრებული ფასადი შემკულია კარ-სარკმელთა ღიობებითა და დეკორატიული მოტივებით. ცისფრად შეღებილ შენობას ბადისებრად ეკვრის თეთრ ფერში გადაწყვეტილი არქიტექტურული ელემენტები. არქიტექტურული დამუშავებით გამოიყოფა ცენტრალური რიზალიტი, სადაც შეისრული ფორმის თაღში ჩაწერილი სადარბაზო კარია გაჭრილი. სადარბაზოს ინტერიერი მოზაიკური იატაკითა და ქვისმარშიანი კიბეებით არის გაფორმებული. მთავარ ფასადზე ყურადღებას იქცევს რიზალიტების შესაბამისად სახურავზე შესმული მაღალი ვიმპერგები - სამკუთხა ფრონტონები, რომლებშიც მცირე სამკუთხა თაღიანი სარკმლებია ჩასმული. ცენტრალური ფრონტონი, გუთური სტილის შესაბამისად, მაღალი შპილით სრულდება .
ძველთბილისური საცხოვრებელი სახლის ტრადიციის თანახმად, შენობას ქუჩისგან უხილავი შიდა ეზოც აქვს, რომელიც ორივე სართულის დონეზე გაშლილ, თბილისური ტიპის ღია აივნებს მოიცავს. აივნების დეკორს ჭვირული მოაჯირზე გაწყობილი წახნაგოვანი სვეტები და მათ სვეტისთავებზე მარაოსებრად გაშლილი ჭვირული ორნამენტის კაპიტელები წარმოადგენს.
სახლის ერთ-ერთი მხატვრულ-არქიტექტურული ღირსებაა მისი ძველი აგურით ნაშენი, სარდაფის მასიურ კედლებში ამოყვანილი და კამაროვანი გადახურვის მქონე სათავსო, რომლებიც მომცრო სარკმლებით ნათდება.