ამბობენ
ეს სახლი გერმანელების შთამომავალს, ლუიზა მადერს ეკუთვნოდა (არქიტექტორი პაულ შტერნი).
მადერები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალსაჩინო გერმანული გვარია. მათი წინაპრები აქ პირველ კოლონისტებთან ერთად ჩამოვიდნენ. 1850-60-იან წლებში ფრიდრიხ, იოჰან და ფრიც მადერები იყვნენ სამგზავრო ეტლებისა და ეკიპაჟების ოსტატები და მთავარი მიმწოდებლები თბილისში. ისინი რიყეზე ცხოვრობდნენ. 1850 წლიდან მადერები ასევე აწარმოებდნენ ლუდს, რომელიც წარმატებით იყიდებოდა მთელ კავკასიაში.
1900-იან წლებში ლუდის ქარხნის მფლობელი ლუიზა მადერი გახდა, ამავე პერიოდში ლუიზა მადერმა გახსნა სასტუმრო “მადერი” (მიხეილის , ახლანდელი აღმაშენებლის გამზირზე), რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნის თბილისში მაღალი რეპუტაცია ჰქონდა. იმხანად ეს იყო ორსართულიანი შენობა ლითონის აივნებით მთავარ ფასადზე და მაღალი სხვენით. 1890-იან წლებში ის მთლიანად გადაკეთდა და სამსართულიანი გახდა. ამის შემდეგ მოკლე ხანში სასტუმრომ გადაინაცვლა იმავე სახლის ეზოს სიღრმეში მდგარ ორსართულიან შენობაში (ახლანდელი აღმაშენებლის პროსპექტი #114ა). ეს ორივე შენობა დღესაც არსებობს.
1910 წელს სასტუმრო “მადერი” გადავიდა კირხეს (ახლანდელი მარჯანიშვილის) ქუჩის #20-ში. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა “მადერის” რესტორანი საზოგადოებაში.
დეტალური ინფორმაცია
აღმაშენებლის გამზ. #155-157-ში მდებარე ორსართულიანი ეზოიანი შენობა აგურით არის ნაგები. მის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. მთავარი ფასადი დავით აღმაშენებლის გამზირზე გამოდის. შენობა მიმდებარე განაშენიანებაში ასიმეტრიული გეგმარებით გამოირჩევა. მისი მარცხენა, მონაკვეთი ქუჩის სიღრმეშია შეწეული, ხოლო მარჯვენა, შედარებით მომცრო მონაკვეთი ქუჩის პირზე გამოდის. მთავარი ფასადი შელესილი და შეღებილია. უხვადაა მორთული მოდერნის ‘’Art Nouveau’’ სტილის არქიტექტურული ელემენტებით. ფასადს ჰორიზონტალურად პროფილირებული კარნიზები ყოფს, ხოლო ვერტიკალურად კანელურებიანი პილასტრები ანაწევრებს. მეორე სართულის პილასტრებს ორნამენტებიანი თავსართები ამშვენებს. შენობის თავზე მანსარდის სართულია მოწყობილი, რომელსაც წინ პარაპეტი გასდევს. მანსარდშია მოქცეული ძველი დაშენება, რომელიც ამახინჯებდა შენობის თავდაპირველ სახეს და არღვევდა მის მხატვრულ მთლიანობას. იმის გამო, რომ მომავალში სხვადასხვა მობინადრის მიერ "მრავალფეროვანი" დაშენებებისგან დაცული ყოფილიყო სახლის სახურავი და მთლიანად მისი არქიტექტურული სახე, პროექტანტების მიერ გადაწყდა, ერთ სახურავში მოქცეულიყო ყველა დაშენება. სახურავზე ბურულად გამოყენებულია მაღალი ხარისხის თუნუქის ე.წ. "ქერცლი". მანსარდის ღიობების რიტმი იმეორებს ქვედა სართულის ღიობების რიტმს. მათი მორთულობაც ქვედა სართულობის ანალოგიურია, ოღონდ გამარტივებული სახის. სახლის საფასადო სიბრტყე სწორკუთხა ფორმის ფანჯრებით ნაწევრდება. პირველი სართულის ღიობებს ყვავილებითა და გირჩებით მორთული საჭექი ქვები აქვთ, ხოლო მათ შორის კედლები დაბალი რუსტიკითაა დამუშავებული. მარცხნიდან მეორე ფანჯარა მოგვიანებით კარად გადაუკეთებიათ, რომელსაც მიდგმული ჰქონდა უსახური კიბე და წინფრა. თავად კარის ღიობი ზედა ფანჯრის ღერძიდან აცდენილი იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ დამონტაჟდა ახალი ლითონის კარი, ლითონის კიბე და წინფრა. ფასადის ამ შეწული ნაწილის წინ ტროტუარის დონესთან შედარებით შემაღლებული კურდონერია, რომელიც ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრულია დაბალი ღობით (ბაზალტით მოპირკეთებული ტუმბოები ლითონის ჩანართებით). შენობა წარმოადგენს მოდერნის ‘’Art Nouveau’’ სტილის თბილისური არქიტექტურის ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში.