ამბობენ
სადარბაზოები თბილისში 1850–60-იანი წლების შემდეგ, ახალი ტიპის „ფეშენებელურ“ შენობებთან ერთად გაჩნდა და სახლის მეპატრონეთა ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.სადარბაზო არ იყო უბრალოდ შესასვლელი , მას ბევრად მეტი მნიშვნელობა ჰქონდა— ის ოჯახის იდენტობასა და სტატუსს გამოხატავდა. ერთ-ერთი ასეთი მდიდრული სახლი, რომელიც გალაკტიონის 18-ში მდებარეობს, სომეხ ძმებს — სეილანოვებს ეკუთვნოდათ.
ძმები სეილანოვები თამბაქოს წარმოებითა და ვაჭრობით იყვნენ დაკავებულნი.მათი საგვარეულო გერბის სიმბოლიკა დღესაც შემორჩენილია შენობის მესამე სართულის შიდა კედლებზე. ამბობენ, რომ სახლში ხშირად იმართებოდა ხელოვნებისა და ლიტერატურის საღამოები.
ამ შენობამ შემოგვინახა ცნობილი, იტალიელი მხატვრის ბენო ტელინგატერის შემოქმედება. სწორედ მას მოუხატავს ეს სახლი.
გადმოცემის თანახმად, ბენო ტელინგატერს ეკუთვნის აგრეთვე „ჩინური დარბაზისა“ და „გერმანული ოთახის“ მოხატულობა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.
დეტალური ინფორმაცია
გ.ტაბიძის ქ. #18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი - საარქივო მონაცემების მიხედვით 1892-1894 წლებში მინას საფაროვის მფლობელობაში ყოფილა. 1911 წლიდან კი როგორც ამას სადარბაზოს წარწერებიდან ვიგებთ შენობის მეპატრონეები თამბაქოს მწარმოებლები ძმები სეილანოვები არიან. შენობა აგებულია 1905 წელს, წარმოშობით სომეხი, თბილისელი არქიტექტორის ღაზარ სარქისიანის მიერ. გარდა საფასადო კომპოზიციისა, საინტერესოა შენობის მოხატული სადარბაზო, რომლის მხატვრობა ეკუთვნის იტალიელ მხატვარს, ბენედიქტ (ბენო) ტალინგატერს. სადარბაზოს ინტერიერში არსებული დეტალები ანდრეოლეტის სახელოსნოშია დამზადებული. შენობა თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ შემორჩენილი კედლის მხატვრობა, აღმაშენებლის გამზ. # 93-ში არსებული მხატვრობის ანალოგიურია. ორივე სადარბაზოში გამოყენებულია მეფის რუსეთის დროინდელი მხატვრის ნიკოლოზ კარაზინის მიერ შექმნილი ილუსტრაციები.