გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა

ამბობენ

ამ ისტორიული  სახლის მეპატრონე, ელისაბედ (ლიზა) თამამშევა (ფოტო 1), 1876 წელს ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორის კარზე გავლენიანი პირის ერთადერთ ვაჟსპროფესიით ბიოლოგ, დიდგვაროვან მიხეილ სმირნოვს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ფლორისა და ფაუნის შესწავლაში. ამის გამო მას სმირნოვ-კავკაზსკი შეარქვეს.

მიხეილისა და ლიზას ოჯახში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული და მუსიკალური საღამოები. სხვადასხვა დროს ამ სახლის სტუმრები იყვნენ: პეტრე ჩაიკოვსკი, დავით სარაჯიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე და სხვა გამოჩენილი პიროვნებები. სახლში ინახება ჩაიკოვსკის ფოტო ავტოგრაფით, რომელიც მან ლიზას პირველი სტუმრობისას უსახსოვრა.

ამბობენ, რომ ქორწინებამდე თავად ლიზას რომანი ჰქონია რუსეთის იმპერატორის ძმსიშვილნიკოლაი ნიკოლაევიჩთან.

სავარაუდოდ, წყვილი პირველად პეტერბურგში, ბალ-მასკარადზე შეხვდა ერთმანეთს, შემდეგ კითბილისში, სოლოლაკისინგლისურ კლუბში“, რომელსაც ნიკოლაი ნიკოლაევიჩი სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მოულოდნელად ესტუმრა. ფლირტი დროთა განმავლობაში ღრმა გრძნობაში გადაიზარდა. ლიზავეტასა და ნიკოლაი ნიკოლაევიჩის სასიყვარულო ისტორია მალევე გახმაურდა და ქალაქში ათას ჭორსა და საუბრის მთავარ თემად იქცა.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, სამეფო პრინცსა და სომეხ ვაჭრის ქალიშვილს შორის კავშირის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. სკანდალის ჩასახშობად ლიზა მალევე დააქორწინეს მიხეილ სმირნოვზე.

ქორწინების პირველივე წელს ლიზა სმირნოვა-თამამშევასა და მიხეილ სმირნოვს ვაჟი, გიორგი, შეეძინათ. თბილისში ჭორაობდნენ, რომ ბავშვის ნამდვილი მამა რომანოვი იყო.

ლიზამ მზითვში, უმდიდრესი თამამშევების სხვა ქონებასთან ერთად, ეს სახლიც მიიღო, სადაც ამჟამადსმირნოვების მუზეუმია“.

 

დეტალური ინფორმაცია

გ.ტაბიძის ქ. #20-ში მდებარე შენობა 1860-იანი წლების დასაწყისით თარიღდება; 1859 წელს შედგენილი პროექტის ავტორია ცნობილი გერმანელი არქიტექტორი, ოტო სიმონსონი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოდან 1909 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი საკულტო, საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი ნაგებობა უკავშირდება საქართველოში. სახლი ეკუთვნოდა ცნობილ მეცენატსა და კომერსანტს, იაგორ თამამშევს, რომელმაც იგი შვილიშვილს უსახსოვრა. ელიზავეტა თამამშევა  გათხოვილი იყო მიხეილ სმირნოვზე, რომლის დედა - უკანასკნელი იმპერატორის კარის ფრეილინა ალექსანდრა ოსიპოვნა სმირნოვა-როსეტი(1809-1882) გახლდათ. სმირნოვების შთამომავალმა კი 1985 წელს საქართველოს საჩუქრად გადასცა სახლი და წინაპართა კუთვნილი საოჯახო რელიქვიები, რომელთა ბაზაზეც დაფუძნდა მუზეუმი. ამჟამად მუზეუმში დაცულია: XVIII-XIX სს.-ის ფერწერის (ფ. ვინტერჰალტერი, ი. აივაზოვსკი, ფ. კრიუგერი და სხვ.), სკულპტურის, ლითოგრაფიის, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები; XVIII-XIX-XX სს-ის დასაწყისის ევროპული და რუსული წარმოების ავეჯი, საოჯახო და პირადი მოხმარების საგნები, უნიკალური ბიბლიოთეკა, მდიდარი ფოტო და დოკუმენტური მასალა. 1990-იანი წლებიდან შენობაში ასევე დაბინავდა ”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — კავკასიური სახლი“.  
სტრუქტურულად კარგად გამართული ორსართულიანი შენობა ქუჩის პერიმეტრის მწკრივულ განაშენიანებაშია ჩართული და თბილისური სახლის ერთ-ერთ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. ზომიერად მორთული, საკმარისად სადა და თავშეკავებული მთავარი ფასადი კლასიცისტური არქიტექტურული ელემენტების კომბინაციითაა შექმნილი. ნაგებობის პირველი სართულის რუსტირებულ კედელს ცვლის მეორე სართულის უფრო მუქი ტონალობით დაფერილი სანდრიკებიანი სარკმელთა რიგი, რომელთა შორისაც კორინთული კაპიტელით შემკული პილასტრებია განთავსებული. საფასადო კომპოზიციის სიმეტრიულობას ხაზს უსვამს ცენტრში განთავსებული ლითონის ჭვირულმოაჯირიანი აივანი. თავისი მოკრძალებული მასშტაბითა და სადა იერით მოცემული შენობა XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის დამახასიათებელი ისტორიული განაშენიანების ორგანული და ჰარმონიული ნაწილია.

ყველაზე ნახვადი ღირსშესანიშნაობები